“ლაპარაკია ისეთ რაიონებზე, სადაც საბეჭდი ცენტრები არ გვაქვს” – სერვისების სააგენტოს უფროსი არასამთავრობოებს ცილისწამებაში ადანაშაულებს

 სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე ყალბი პირადობის მოწმობების სავარაუდო ბეჭდვის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს. „ეს გაუგონარი ბრალდება ეფუძნებოდა მათ მიერ გამოგონილ აბსურდულ წინადადებებს და არგუმენტებს. ჩემთვის არათუ გაუგებარია რაზე საუბრობენ ეს ადამიანები, არამედ თეორიულადაც კი რთულია წარმოდგენა იმისა, რასაც ქალბატონი ეკა გიგაური, ბატონი მიშა ბენიძე და ქალბატონი ირმა პავლიაშვილი გვაბრალებენ თითოეულ ჩვენგანს. ლაპარაკია ისეთ რაიონებზე, ისეთ ტერიტორიულ სამსახურებზე, სადაც საბეჭდი ცენტრები არ გვაქვს, სადაც ბიომეტრიული დოკუმენტები არ იბეჭდება”, – განაცხადა გიორგაძემ. მისი განცხადებით, ამ ბრალდების შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციას მიმართა. გიორგაძის თქმით, მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადება თითოეული თანამშრომლისთვის შეურაცხმყოფელია. “მე მივმართე შესაბამის უწყებებს, რომ დაიწყონ მოკვლევა და იმედი მაქვს, ეს ორგანიზაციები წარმოადგენენ კონკრეტულ ფაქტებს, რომლებზე დაყრდნობითაც ასეთი ჭორი გაავრცელეს. თითოეული ჩვენგანი ვართ შეურაცხყოფილი”, – განაცხადა სოსო გიორგაძემ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები