“სააკაშვილს ამის თქმა უნდოდა” – გოცირიძე ექსპრეზიდენტის განცხადებას განმარტავს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, ისრაელიდან ჩამოსული „ქართული ოცნების“ პიარტექნოლოგის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კონტექსტი არასწორად გაიგეს.
რომან გოცირიძე საკითხზე საუბრისას პარალელს „ქართული ოცნების“ პიარტექნოლოგ მოშე კლუგჰაფტსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგ ვიტალი შკლიაროვს შორის ავლებს.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერისთვის რომან გოცირიძისთვის გაუგებარია რატომ დაიმსახურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო კრიტიკა.
გოცირიძეს ექსპრეზიდენტის კრიტიკის საპასუხოდ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგის თაობაზე გაკეთებული განცხადებები მოჰყავს.
“სინამდვილეში, ეს ადამიანი ბელორუსია, ამერიკაში ცხოვრობს. ობამას საარჩევნო შტაბში მუშაობდა და რუსულად ლაპარაკობს, თუმცა რუსეთთან კავშირი არ აქვს, პირიქით, რუსეთის ოპოზიციას ეხმარებოდა და ეს ადამიანი ამბობს, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დამამცირებელია, რუსი “პიარშიკი“ ან რომ ვთქვათ, რომელიღაც თაღლითი პიარშიკი რუსეთიდან ან ისრაელიდან? – კონტექსტი არასწორად არის გაგებული. ებრაელს არ ვამბობ, რომ რაიმე არ დამწამოთ, მაგრამ რატომ შეიძლება, „ქართული ოცნების“ ღირსებად ჩაითვალოს, როცა ისინი ამბობენ, რუს პიარშიკს? ეს არის სიტყვებზე გამოდევნება. სიტყვების დამახინჯება და სიტყვებზე გამოკიდება, როცა „რუსი პიარშიკი“ ნორმალურ სიტყვად მიგაჩნიათ და “ებრაელ პიარშიკს” სხვა კონტექსტს უძებნით. ვინაიდან, საზოგადოება ამ საკითხს ასე აღიქვამს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს თაღლითი, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში გამოცდილი პიარტექნოლოგი ისრაელიდან. მიხეილ სააკაშვილს ამის თქმა უნდოდა“, – დასძინა გოცირიძემ.
მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტის მოშე კლუგჰაფტის შესახებ განცხადება “რუსთავი 2-ის” ეთერში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პიარზე საუბრისას გააკეთა.
“ხაინდრავას მისცა 3 მილიონი, რომ კამპანიაში ჩაერთოს, ეგერ ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები