“ისევ მივიღებთ შავ-თეთრ პარლამენტს”- კაციტაძე საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ გაუქმდება და პროპორციული არ დამკვიდრდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიათა უმრავლესობისთვის საკანონმდებლო ორგანოს კარი დაიხურება. ამის შესახებ კაციტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„2020 წელს იქნება გაცილებით უფრო რთული არჩევნები. თუ იქნა შენარჩუნებული 73 მაჟორიტარული , ფაქტობრივად , ჩვენ უნდა ჩავატაროთ ორი არჩევნები. უნდა ჩავატაროთ პირველი არჩევნები, სადაც პროპორციულად გაირკვევა სიტუაცია და მერე ყველა ოლქში უნდა ჩავატაროთ მეორე არჩევნები . აღნიშნული 73 ოლქიდან უიშვიათესი გამონაკლისი შეიძლება ვნახოთ პირველი ტურის შედეგების მიხედვით , რომ ვინმემ 50 %-იანი ბარიერი გადალახა. უიშვიათესია ოლქები, სადაც 50 %-ზე მეტი აქვს მიღებული კონკრეტულ კანდიდატს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ფაქტობრივად, ჩვენ მოგვიწევს ორი არჩევნების ჩატარება. პირველი ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს , რაც კონსტიტუციაში წერია , ჩატარდება პროპორციული ნაწილის არჩევნები ყველა ოლქში ,გამოიკვეთება პირველ-მეორე ადგილზე მაჟორიტარი და შემდეგ , თითქმის მთელ საქართველოში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ჩატარდება , რაც დააფიქსირებს ისევ და ისევ ორპოლუსიან პოლიტიკურ გარემოს., ისევ და ისევ პრობლემას შექმნის მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისთვის, პარტიათა უმრავლესობას დაეხურება კარი პარლამენტში და აქედან გამომდინარე ჩვენ ისევ მივიღებთ შავ-თეთრ პარლამენტს“- განაცხადა კაციტაძემ.
მისივე თქმით, კონსტიტუციური ცვლილებების მოთხოვნით, სამართლიანი საარჩევნო სისტემის დასამკვიდრებლად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინტერპარტიულმა საკოორდინაციო საბჭომ განცხადება გაავრცელა.
„ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ადასტურებს ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარების აუცილებლობას. ამასთან, არსებული არასამართლიანი საარჩევნო კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს პლურალისტული გარემოს შექმნას და პირიქით – ხელს უწყობს პოლიტიკური სპექტრის პოლარიზაციას.
მიგვაჩნია, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს დროული და ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა, კერძოდ:
1. საქართველოს პარლამენტმა უნდა დაიწყოს კონსტიტუციური ცვლილებების პროცესი, რომელიც ქვეყანაში დაამკვიდრებს სამართლიან საარჩევნო სისტემას;
2. კონსტიტუციური ცვლილებით უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და მომდევნო (და ყოველი) პარლამენტის არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული წესით;
3. საქართველოს პოლიტიკური ძალები (როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიები) უნდა შეთანხმდნენ სამართლიანი საარჩევნო გარემოს ერთიან ხედვასა და პრინციპებზე. გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ამ საკითხზე პარტიათა მემორანდუმის ტექსტის ხელმოწერა.
მნიშვნელოვანია, რომ პარტიათა შეთანხმების და საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი წარიმართოს საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, რაც უზრუნველყოფს პროცესის ტრანსფარანტულობას და სამართლიან შედეგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები