რომან კაკულია სალიზინგო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია სალიზინგო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ქვეყანაში ლიზინგთან დაკავშირებული პრობლემების და იმ კანონმდებლობის შესახებ იმსჯელეს, რომელიც სალიზინგო ბიზნესს არეგულირებს.
როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემას ქმნის ის მიდგომა, რომ ახალი ფინანსური რეგულაციები მოიაზრებს ამ სფეროსაც და ასოციაციის წარმომადგენლები ამ რეგულაციების კუთხით, დარგის სპეციფიკის – ლიზინგის სისტემის თავისებურებების გათვალისწინებას მოითხოვენ.
მხარეებმა ისაუბრეს კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო კომიტეტებმა პირველი მოსმენით განიხილეს და ითქვა, რომ უნდა მოხდეს ლიზინგთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების კარგად გაანალიზება და კანონმდებლობაში შესაბამისად ასახვა, რასაც დამატებითი კონსულტაციები სჭირდება.
რომან კაკულიას თქმით, „პირველ რიგში უნდა გაანალიზდეს ჭარბვალიანობის შედეგები, რაც ნაკლებად მოსალოდნელია რომ დადგეს სალიზინგო საქმიანობისაგან. მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს თუ რა კონკრეტულ გამოწვევებზეა საუბარი ლიზინგთან დაკავშირებით და ვიზრუნოთ, რომ აღნიშნულმა რეგულაციებმა არ შეზღუდოს ამ ძალიან საინტერესო და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო სფეროს განვითარება”.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სალიზინგო საქმიანობის სფეროს წარმომადგენლები ახლო მომავალში წარმოადგენენ პრობლემების კონკრეტულ ჩამონათვალს და საკომიტეტო მოსმენაზე იმსჯელებენ შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სალიზინგო ასოციაციის თავმჯდომარე აიეტი კუკავა, საქართველოს სალიზინგო კომპანიის წარმომადგენლები ნინო სანთელაძე და გიორგი ჯღარკავა, “თი-ბი-სი” ლიზინგისა და ალიანს ჯგუფის წარმომადგენლები ფერიდე გაზდელიანი, გოგა გოგუა და გვანცა გვიჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები