მამუკა კაციტაძე: მეორე ტურისთვის მხარდაჭერას არცერთი კანდიდატის მიმართ არ ვაფიქსირებთ

„ახალი მემარჯვენეები“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას არცერთი კანდიდატის მიმართ არ აფიქსირებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ჭიდილია ორ პარტიას შორის და არა პიროვნებებს შორის.
„პირველი ტურის შედეგების მიხედვით ერთი პოლუსის რეიტინგი ქვევით მოდის, მეორის რეიტინგი ზევით მიდის. ჩვენ „ახალი მემარჯვენეები“ მუდმივად ვებრძოდით რა ორპოლუსიან პოლიტიკურ სისტემას საქართველოში, არც ქვევით მიმავალ პოლიტიკურ ძალას შევუშლით ხელს ქვევით სვლაში, ანუ ჩვენს მხარდაჭერას არ დავუფიქსირებთ, არც ზევით მიმავალ პოლიტიკურ ცენტრს დავეხმარებით პიკში ასვლაში.
არსებობს პოლიტიკური ისტორია, „ახალი მემარჯვენეები“ ამ ნაბიჯს ვერ და არ გადავდგამთ, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობისა“ და ხუთიანის მხარდაჭერა.
ძალიან ცდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს მხოლოდ ეს არჩევანი – თეთრი და შავი. ევროპული ფასეულობა თავისუფალი არჩევანია და არა იძულებითი არჩევანი. როცა ცუდსა და უარეს შორის დგახარ, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ერთ-ერთი უნდა აირჩიო. არც იმას ვიტყვი, რომ ვინმეს საშუალებას მივცემ, ჩემი ბიულეტენი გამოიყენოს. მე გავაკეთებ არჩევანს, რომელიც მოემსახურება მომავალში მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრებას“, – განაცხადა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები