გიგი წერეთელმა რომში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი რომში საერთაშორისო კონფერენციას – „ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში: ბოლო ტენდენციები და საუკეთესო პრაქტიკა ეუთოს რეგიონში” დაესწრო და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთობლივი ძალისხმევით, კომპლექსური მიდგომებით უნდა წარიმართოს. კორუფციის აღსაკვეთად , კანონის უზენაესობასთან ერთად, აუცილებელია ძლიერი და მდგრადი პოლიტიკური ნების არსებობა, ხოლო მუდმივი ზედამხედველობა საჭიროა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიღწეული შედეგები არ შეიცვალოს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებაში პარლამენტარების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ისინი ამ პროცესში საჭირო პარტნიორები არიან”, – განაცხადა გიგი წერეთელმა სიტყვით გამოსვლისას. მან საქართველოში არსებულ ანტიკორუფციული გამოცდილებაზეც ისაუბრა.
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კორუფცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, მათ შორის საარჩევნო პროცესებს და აუცილებელია ამ მიმართულებითაც გაძლიერდეს სართაშორისო მონიტორინგი, რაზეც თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ამჟამად აქტიურად მუშაობს.
რომში ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვატიკანს ეწვია და სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს, ასევე საგარეო მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ გალაჰერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კონფლიქტებზე, მიგრაციასა და ტრანსნაციონალურ საფრთხეებზე ისაუბრეს და ასამბლეის მუშაობაში წმინდა საყდრის დელეგაციის ჩართულობასა და მის კონტრიბუციას გაუსვეს ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები