ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება არის ადამიანი

„მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გახმოვანებულ ინიციატივას, რომელიც მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემის დაძლევისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და რომელიც 600 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება არის ადამიანი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით საქართველო სოციალური სახელმწიფოა, რომლის უმთავრესი საზრუნავი ადამიანის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან საქართველოში მოხერხდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაორმაგება. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის წყალობითაც ასი ათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ შეინარჩუნა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ის, რასაც ჩვენი ოპონენტები „შავ ხვრელს” უწოდებენ, სინამდვილეში კონკრეტული ადამიანების გადარჩენილ სიცოცხლესა და შენარჩუნებულ ჯანმრთელობაში გამოიხატება. ორნახევარჯერ გაზარდა სოციალური დახმარების ბიუჯეტი, მოხერხდა ჩვენი ათასობით დევნილი თანამოქალაქის უზრუნველყოფა ღირსეული საცხოვრებელით”,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა მთავრობის კიდევ ორი ინიციატივა, რომლის თაობაზეც გასული დღეების განმავლობაში გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის.
„ეს იყო 50 ლარიანი დახმარების დანიშვნა ბავშვებისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ეს იყო სოციალური დახმარების შენარჩუნება მოქალაქეებისთვის მათი დასაქმების შემთხვევაში. აღნიშნულ ინიციატივები მიმართულია ერთი მხრივ ადმიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და მეორე მხრივ, მათი ეკონომიკური საქმიანობის წახალისებისკენ”,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის ახალი ინიციატივის შედეგად 600 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდება. მისი თქმით, ხელისუფლება მომავალშიც საზოგადოების ახალ ინიციატივებს წარუდგენს.
„ეს არის უპრეცენდენტო ინიციატივა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ჩვენი აქტიური მუშაობა და ჩვენ წარვდგებით ახალი ინიციატივებით საზოგადოების წინაშე”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები