კობა კობალაძე: სახელმწიფო ინსტიტუტები იმუშავებენ იმისათვის, რომ ქვეყანაში არ იყოს დაშვებული არეულობა

გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელია და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკან ვატრიალებთ სააკაშვილს თავისი ხედვით და ისტერიით, რომელსაც ყოველდღიურობაში, საარჩევნო კამპანიაში ვუყურებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების გახლეჩის და ერთმანეთთან დაპირისპირების მცდელობა კვლავ არის.
„ჩაკარგულები არიან დროსა და სივრცეში. საზოგადოებამ რომელმაც გამოიარა 90-იანი წლები, საზოგადეობა , რომელმაც 2012 წელს დაინახა ის, რომ მშვიდად, მიზნობრივად, გაცილებით უფრო ეფექტიანად შეიძლება საკუთარი ნების გამოხატვა, ვიდრე სროლით და დაპირისპირებით , ჩემი აზრით, არც საზოგადოება და არც სახელმწიფო არ დაუშვებს არეულობას და იმის მცდელობას, რომ ამ ქვეყანამ კიდევ რამდენიმე ათწლეულით გადაწიოს უკან.
შკრიალოვი ჩემთვის არავინ არის. ჩვენ ის, მოსკოვის საინფორმაციო საშუალებებით ქართველ ერს, გვეუბნება და გვაფრთხილებს , რომ დეკამბერში, შეიძლება, მოხდეს არეულობა. რას ჰქვია ეს? დიდი მოლოდინი ნუ ექნებათ იმის, რომ იქნება არეულობა. ქვეყანას შესწევს ძალა და სახელმწიფო ინსტიტუტები საკმაოდ ეფექტიანად იმუშავებენ იმისათვის , რომ ამ ქვეყანაში არ იყოს დაშვებული დესტაბილიზაცია, არეულობა“- განაცხადა კობალაძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ტელეარხ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტის პოსტი მისთვის იქნება ერთგვარი პლატფორმა, საიდანაც გაუძღვება ოპოზიციურ საპროტესტო მოძრაობას.
“ვერავინ შემაჩერებს მე, ვუხელმძღვანელო პოლიტიკურ პროცესს. მე შევხედავდი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამხოლოდ “ქართულ ოცნებას”, არამედ ყველას, როდესაც მე მოვუწოდებ 50 ან 100 ათას ჩემს თანამოქალაქეს, გამოვიდნენ ქუჩაში და შემოუერთდნენ ჩემს პროტესტს. ვინ შეძლებს ამის შეჩერებას? უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორი დემონსტრაცია იქნება. ასე რომ, “ქართული ოცნება” ძალიან მართალია, რომ სასიკვდილოდ იბრძვიან ამ პოსტისთვის, მაგრამ ეს ბრძოლა მათ უკვე წაგებული აქვთ”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები