კობა კობალაძე: აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცები ჰააგის სასამართლოში ბრალდებულებად წარდგებიან

აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ჰააგის სასამართლოში ბრალდებულებად წარდგებიან ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ჩვენი გმირი ოფიცრები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ისტორიას არ ახსოვს, რომ ჯარისკაცი, ოფიცერი გასამართლებულიყოს თავისი სამშობლოს დაცვისა და თავისი სამშობლოს ტერიტორიაზე ოკუპანტთან ბრძოლისთვის.
„აბსურდი და სიბრიყვეა ამაზე აპელირება. არცერთი ჯარისკაცი, არცერთი ოფიცერი არასდროს , ისტორიას არ ახსოვს რომ გასამართლებულიყოს თავისი სამშობლოს დაცვის გულისთვის და თავისი სამშობლოს ტერიტორიაზე ოკუპანტთან ბრძოლისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ეს განაცხადი ჯარისკაცებზე, ოფიცრებზე არის განაცხადი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ. ჰააგის სასამართლო განიხილავს თემას და სარჩელს, რაც შეეხება ეთნიკურ წმენდას ქართული მოსახლეობიდან იმ რაიონის და რეგიონის და ასევე არაადამიანურ მოპყრობებს. არის სხვა, მეორე პირობა – ის, თუ რამდენად ადეკვატური იყო იმ პერიდოში საქართველოს ხელისფულება, რომელიც ყველანაირად ცდილობდა თვალზე ლიბრგადაკრულს ევლო. უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ სულ მცირე მასპინძლის როლში და ენის მოჩლექით ესაუბრებოდნენ ოკუპანტებს. ასევე იყო თემა, როდესაც ჩვენი დაღუპული ბიჭების ცხედრები არ იყო გადმოსვენებული საომარი მოქმედებების ზონიდან და მათ მოუვიდათ აზრი, რომ რუსთაველზე გამარჯვების კონცერტი გაემართათ.
რაც შეეხება იმ თემების აპელირებას: ვინ დაიწყო, როგორ დაიწყო. ვინც დაიწყო ყველასთვის ნათელია. ჩვენ არავის ტერიტორიაზე არ შევჭრილვართ. არავის ტერიტორიის ოკუპირების აზრი გონებაში არ გაგვივლია. ჩვენ შევეჩეხეთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არის ოკუპირებული და აგრესია გამოვლინდა აქ.
მეორე საკითხი, რომელ საკითხსაც გაურბის ყოფილი ხელისუფლება- რამდენად ადეკვატური იყო მოქმედებები და ის მზაობა, რამდენად ადეკვატურად მოხდა დაპირისპირება ჩვენი მხრიდან ამ პროცესის. მე დღემდე ვსაუბრობ და ვერავინ მიმტიკიცებს იმას, რომ ეს არ იყო კარგად შენიღბული გადაბარების ოპერაცია.
2008 წლის პროცესებში არაფერი ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას არ გაუკეთებია ისეთი, რაც ღირსებას შემატებდა სამშობლოს. ღირსება შემატეს ზუსტად იმ ჯარისკაცებმა, პოლიციელებმა, ოფიცრებმა, რომლებმაც თავისი სიცოცხლის და რისკის ფასად კიდევ ერთხელ ანახეს მოწინააღმდეგეს, რომ ეს მიწა ჩვენია. დანარჩენი უმაღლესი თანამდებობის პირების სახეცვლილებებს, კუდის ქიცინს, გაქცევებს, თავის მიწაში ჩათხრის მცდელობებს ჩემი აზრით, მთელმა საზოგადოებამ ადევნა თვალი და დაიწყო მეორე პროცესი- ამ კრიზისის გადაბრალების მცდელობა ისევ ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე“- განაცხადა კობალაძემ.
კობალაძე პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ და მინისტრმა წულუკიანმა “კერძო პირებად გამოაცხადეს 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები და ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქართველ ვეტარანებს დამოუკიდებლად მოუწევთ რუსული არასამთავრობოების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ ბრძოლა”.
ცნობისთვის, თეა წულუკიანმა განცხადება „იმედის“ ეთერში გააკეთა.
„ქალბატონ ფატუ ბენსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომელიც შეიძლება იყოს მომხდარი აგვისტოს ომის დროს და თუკი ის მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება დაკავების მოთხოვნით, კონკრეტული ადამიანების, მიმართოს იმავე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს”-განაცხადა წულუკიანმა.
მოგვიანებით, მან განცხადება განმარტა.
„რაც შეეხება ფატუ ბენსუდას წარმოებულ გამოძიებას, დღეს ვერავინ ივარაუდებს, რა აქვს მას დაგეგმილი და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო, „ქართული ოცნების“ მთავრობა ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ჯარის ღირსება იყოს დაცული, რომ ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების საქმეები და ეპიზოდები გამოიძიოს ქალბატონი ბენსუდას ოფისმა და, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გამოიძიოს ქართველთა ეთნიკური წმენდა. ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას იმისათვის, რომ გამოძიებამ დაადგინოს გვარები და სახელები რუსეთის მოქალაქეებისა, ვინც დანაშაული ჩაიდინა”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
აღნიშნულ საკითხს, დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა.
კალაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, დარტყმა მიაყენოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას, „რადგან ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე“.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები