ლეიბორისტული პარტიის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის” დამფუძნებელს, რამაზ სამხარაძეს სოციალურ ქსელში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და უცენზურო სიტყვებით აგინებს.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც რამაზ სამხარაძემ ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან, შალვა ნათელაშვილთან 2017 წელს გადაიღო.
როგორც კომპანია „ჰერეთის“ დამფუძნებელი აცხადებს, მან აღნიშნულ ფოტოს შალვა ნათელაშვილის ცნობილი ფრაზა “დაუნ ვით დიქტეიტე…” ხუმრობით მიაწერა, რასაც შალვა ნათელაშვილის უცენზურო სიტყვები მოჰყვა:
„შე დედამ…სურათი საღადაოდ გინდოდა ჩემთან? რაც თვალები გაქვს გიჟის და ჩათლახი, ის სული გქონია. უბრალოდ არაკაცი ხარ“, – ამ სიტყვებით მიმართავს შალვა ნათელაშვილი რამაზ სამხარაძეს.
აღნიშნულის გამო, სამხარაძემ შალვა ნათელაშვილის თანაპარტიელს გიორგი გუგავას მიმართა, თუმცა პარტიის ლიდერს არც ის „ჩამორჩა“.
„შალვა ნათელაშვილის სახელით უამრავი გვერდია გახსნილი ფეისბუკზე, ამიტომ ვერაფერს გეტყვით ვინ გაგინათ, მაგრამ თუ თქვენს გამოხტომებსა და შეურაცხყოფებს გავითვალისწინებთ, ვიღაცას დამსახურებულად შეუმკიხართ“, – წერს გიორგი გუგავა.
სწორედ, ამ შეურაცხმყოფელი სტატუსების გამო, რამაზ სამხარაძემ შს სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა:
„გაოგნებული ვარ, ეს არის ბატონ შალვა ნათელაშვილის და პარტიის ოფიციალური გვერდები. და ფაქტობრივად, ამას ადასტურებს გიორგი გუგავაც თავისი კომენტარით… პრეზიდენტობის კანდიდატი და მოქმედი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩვენი გადასახადებით, ასეთი სიტყვებით მომმართავს… ბატონ შალვას მხოლოდ ერთხელ შევხვდი, ადრე ვიყავი მეგას დაჯილდოებაზე, 2017 წლის 1 დეკემბერს და მასთან სელფი გადავიღე, სადაც ფოტოს ხუმრობით წავაწერე მისი ცნობილი ფრაზა “დაუნ ვით დიქტეიტე…” და დღეს დამხვდა ფეისბუკის შეტყობინებებში მისი ოფიციალური გვერდიდან მოწერილი გინება…თუ ეს მართლა შალვა ნათელაშვილის წერილია, ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკასთან კავშირში.ჩემი სამაუწყებლო კომპანიის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენს ეთერში ბატონი ნათელაშვილი და მისი პარტია იქნება პერსონა ნონ გრატა. ვიცი, რომ “ფეისბუქი” თქვენს განკარგულებაში არაა, მაგრამ, ვინაიდან ქართველ პოლიტიკოსთან გვაქვს საქმე და ეს ადამიანი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, გთხოვთ, დამიდასტუროთ ან უარყოთ, ეკუთვნის თუ არა ეს გვერდი ბატონ შალვა ნათელაშვილს“, – აცხადებს რამაზ სამხარაძე.