„ჩვენ ხომ ტოლერანტობით განთქმული ერი ვართ“
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიურ უმცირესობათა დაფინანსებას ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვედრზე სტატუსს აქვეყნებს.
„რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას: ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები მიიღებენ. დღემდე ამ ფორმულირებითვე საკონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობა ზარალს (!) უნაზღაურებდა მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს – მართლმადიდებელ ეკლესიას. ნაცვლად იმის, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიის რანგში აგვეყვანა – ჩვენთვის უცხო, მწვალებლურ მიმდინარეობებს – ვაშენებთ და ვაძლიერებთ! უფრო მეტიც, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებულ ზარალსაც ვუნაზღაურებთ, თუმცა ჩვენ ხომ ტოლერანტობით განთქმული და პაპზე დიდი კათოლიკე ერი ვართ და ამ გადაჭარბებული ტოლერანტობის გამო დღეს რა ვითარებაც გვაქვს თუ ვერ ვხვდებით, ვხედავთ მაინც… მესმის, ალბათ, გაურკვევველი 1500 გვერდიანი -შალახოს სურნელით გაჟღენთილი ნაკისრი ვალდებულებაც შესასრულებელი გვაქვს, მაგრამ იმპერიები აღგვილან პირისაგან მიწისა, საქართველოს კი, როგორც წმ. ილია მართალი ბრძანებს: ” სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩენია მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. და თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? გვახსოვს კი რომელიმე? ვაი, გვავიწყდება, რომ საქართველოს გადამრჩენი და ამ დრომდე მომყვანი მართლმადიდებლობაა და “ერის დაღუპვა კი მაშინ იწყება, როცა იგი თავს ისტორიას ივიწყებს” ან ავიწყებენ! საბერძნეთში მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიადაა აღიარებული, პირადობის მოწმობაში ეროვნებასთან ერთად აღმსარებლობაცაა დაფიქსირებული, ნორვეგიაში ლუთერანობა სახელმწიფო რელიგიაა, ფინეთში 2 სახელმწიფო რელიგიაა – ლუთერანული და პროტესტანტული… ჩვენთან ალბათ ჯერ 4! არადა, რამოდენიმე თვის წინ, რესპუბლიკური პარტია, ღიად საუბრობდა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოსგან. ერთ – ერთი მათი ლიდერი აღნიშნავდა, რომ: „უპრიანი იქნებოდა, რომ მომავალში ეკლესია არ ფინანსდებოდეს სახელმწიფოსგან, რაც ქმნის გარკვეულ უხერხულობებსო. ნეტავ რა შეიცვალა ასე უცებ, ბატონო?“, – წერს ლადო ბედუკაძე ფეიბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები დაფინანსდებიან.