თადარიგის ოფიცერი: ხომ არ დაგავიწყდათ თქვენი ჯარისკაცები როგორ გეძებდნენ და ვერ გპოულობდნენ

თადარიგის ოფიცერი ზაურ მაკარაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს გამოეხმაურა. მან თავდაცვის სამინისტროს აგვისტოს ომის ხელახლა გამოძიებისკენ მოუწოდა, რათა მისი თქმით, ყველაფერს თავის პასუხი გაეცეს.
“მე ვარ თადარიგის მაიორი ზაურ მაკარაძე და მე ხმას ვაძლევ სალომე ზურაბიშვილს, ამავდროულად მოვითხოვ, თავდაცვის სამინისტრომ თავიდან გამოიძიოს 2008 წლის ომის მოვლენები და ყველაფერს გაეცეს პასუხი, კერძოდ: –

1) ვინ გასცა ბრძანება ქალაქ ცხინვალში ჩვენი ქვედანაყოფის შესვლის, მაშინ როდესაც თავდაცვის სამინისტროში ყველა დამუშავებულ გეგმებიდან გამომდინარე, არცერთ ქვედანაყოფს არ ჰქონდა განსაზღვრული ბრძოლის რაიონად ქ.ცხინვალი, რადგან ტაქტიკურად არ წარმოადგენდა ბრძოლისთვის მნიშვნელოვან რაიონს, ზუსტად ცხინვალში მივიღეთ ყველაზე მეტი მსხვერპლი, აქ დაიხოცნენ ჩემი ძმები და მეგობრები, რომლებიც ჩატოვეს და სიკვდილისთვის გაწირეს.

2) ომი კი არ დაუწყია სააკაშვილს, მან ავანტიურა დაიწყო, რომელიც გამიზნული იყო იმ სტრატეგიული რაიონების გადასაცემად რუსეთზე, რომელიც დავკარგეთ. თავისუფლად შეიძლებოდა ყოველივე ეს პოზიციური ბრძოლებით დასრულებულიყო, როგორც ეს მოხდა 2004 და 2006 წლებში.

3) მივმართავ იმ ყოფილ ოფიცრებს, რომლებიც ცდილობენ ქართველი ჯარისკაცები ჩააბან ბინძურ ავანტიურაში, შეჩერდით და გონს მოდით სანამ დროა, თორემ ყოველ თქვენგანს აქვს პასუხი გასაცემი იმ მოვლენებზე, თუ სად იყავით და რას აკეთებდით, ხომ არ დაგავიწყდათ თქვენი ჯარისკაცები როგორ გეძებდნენ და ვერ გპოულობდნენ, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ ყველა დეზერტირად გამოაცხადეთ, თქვენ კი მათი დაღვრილი სისხლით მედლები ჩამოიკიდეთ, ნუთუ არ გამძიმებთ ეს საკუთარი ჯარისკაცების სისხლით გაჟღენთილი მედლები ?!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზაურ მაკარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები