“მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუქარისა და არაეთიკური ქცევისგან”

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ზურაბიშვილი მისი და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი ქმედებები სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს და საჭიროებისამებრ, პასუხისმგებლობაში მისცეს ყველა პირი.
“დღეს პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს უცნობი პირები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის” აღნიშნული ფაქტი მიუღებელია. ამ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი ქმედებები სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს და საჭიროებისამებრ, პასუხისმგებლობაში მისცეს ყველა პირი. ვფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის რაც არ უნდა მაღალი იყოს კონკურენცია, აუცილებელია, რომ პოლიტიკური მეტოქეობა დარჩეს კანონისა და ეთიკის ფარგლებში. მოვუწოდებთ ყველა კანდიდატისა და პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერს, თავი შეიკავონ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუქარისა და არაეთიკური ქცევისგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები