ალექსანდრე მოწერელია იური მეჩითოვზე: ინტერვიუ პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ეროვნულობას და თითოეული ქართველის ღირსებას

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია სოციალური ქსელის საშუალებით იური მეჩითოვის ინტერვიუს გამოეხმაურა.
“ახლა მოვისმინე და სასწრაფოდ მინდა გამოვხატო ჩემი აღშფოთება იური მეჩითოვის ინტერვიუსთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა ვთქვა ის, რასაც, დარწმუნებული ვარ, ყველა სამშობლოს მოყვარე ადამიანი იზიარებს: 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არის უდიდესი ტრაგედია და ამავე დროს, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი აქტი. რამაც კიდევ ერთხელ დაანახა მთელს დემოკრატიულ სამყაროს საბჭოთა იმპერიის ნამდვილი სახე და, რაც მთავარია, საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას მოუტანა სანატრელი დამოუკიდებლობა – ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იღწვოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად. დიახ, ამ დღეს ჩვენს თავისუფლებას მსხვერპლად შეეწირნენ საბჭოთა იმპერიის მიერ განზრახ დახოცილი ქართველები და მათ შორის პატარა გოგონები. ამ დღის გახსენება დღესაც უდიდეს ტკივილს იწვევს ყველა ჩვენგანში. სამწუხაროდ, მე ახლა მოვისმინე სრულიად აღმაშფოთებელი ინტერვიუ, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ეროვნულობას და თითოეული ქართველის ღირსებას. ამიტომ აუცილებლად მივიჩნევ, რომ ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან მოჰყვეს სათანადო უმკაცრესი შეფასება. დარწმუნებული ვარ ეს იქნება უკანასკნელი პრეცედენტი და მომავალში ვერავინ გაბედავს ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფას”, – წერს გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.
ცნობისთვის, The Soviet Scar – ასე ეწოდება რამდენიმე დღის წინ „ალ ჯაზირას“ ეთერში, 9 აპრილის შესახებ გასულ ფილმს. ფილმი ინტერნეტში ჯერჯერობით არ დევს, თუმცა, მან სკანდალი უკვე გამოიწვია, ცნობილი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის კომენტარის გამო. სიუჟეტში მეჩითოვი ამბობს, რომ 9 აპრილს არავინ მოუკლავთ, რომ ხალხი უჰაერობის შედეგად დაიხრჩო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები