ზაზა სარალიძე: დესტაბილიზაცია რომ მინდოდეს, ჩემი შვილის მკვლელებს საფლავზე დავაკლავდი

“დესტაბილიზაციის მოწყობა რომ მინდოდეს, ჩემი შვილის მკვლელებს საფლავზე დავაკლავდი და ეს შინაგან საქმეთა მინისტრმა კარგად უნდა გაითვალისწინოს”, – ასე გამოეხმაურა ზაზა სარალიძე შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
„რატომ არ არიან ჩემი შვილის მკვლელები დასჯილები, როდესაც
გახარიას უწყებას მზად აქვს ყველა საბუთი და დოკუმენტი მათ დასაკავებლად?! რატომ იცავს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ჩემი შვილის მკვლელებს და რატომ მესვრიან ტალახს?! ე.ი. დესტაბილიზაციის მოწყობა თავად სურს ხელისუფლებას. დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვინდოდეს, აქ კი არ ვიდგებით ამ ყინვაში, ვიცი, სადაც უნდა წავიდე და როგორც უნდა ვიმოქმედო და აზრზე მოვიდნენ ჯობია!“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ცნობისთვის, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით და ჩვენ ერთად ვსწავლობთ ქვეყნის მოვლას. ჩვენი მიზანია განვითარება და უსაფრთხოება. კარავი არასოდეს ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე, რისკების შესაძლებლობა და დესტაბილიზაციის​ რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ – მივიღეთ გადაწყვეტილებები და დღეს პარლამენტის წინ ჩვენ ვხედავთ საჭიროზე უფრო მეტ კარავს.
პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე, ის გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს. მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და აქედან გამომდინარე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პირობებშიც, პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას – უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოებას და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, პირველ რიგში, აქციის მონაწილეების.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთი ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა სახის ინტერესისთვის თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები