გიორგი ვაშაძე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე: ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლას

“ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლას და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სრულიად უკანონო ქმედებას”, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის – ” ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი – გიორგი ვაშაძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გუშინ განვითარებულ პროცესებს.
ვაშაძემ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა.
“მათ დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომლითაც გარანტირებულია შეკრების თავისუფლება, მათ დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი, რომლითაც ასევე გარანტირებულია შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლება და მათ დაარღვიეს საქართველოს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ და ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლას და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სრულიად უკანონო ქმედებას.
მეგობრებო, ეს არის კანონდარღვევა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ კანონი ხართ თქვენ, ასე არ იქნება ამ ქვეყანაში. კანონი არის კანონი, რომელსაც თქვენ უნდა ასრულებდეთ, თქვენ – თითოეული პოლიციელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული წარმომადგენელი უნდა იცავდეს კანონს.
ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც აბსურდულ საკითხებზე საუბრობს, დესტაბილიზაციებზე და რაღაცა მსგავს საკითხებზე. ვინ აწყობდა დესტაბილიზაციას, შვილმოკლული მამები? თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები? ისინი, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთადერთი გარანტი დარჩნენ იმისა, რომ კანონი დაიცვას ხელისუფლებამ დღეს ქვეყანაში. არ გაგივათ ეს ყველაფერი! ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
არსებობს კონსტიტუცია, არსებობს კანონი, არსებობს ნორმები, რომლებსაც საქართველოში აბსოლუტურად ყველა უნდა იცავდეს. თქვენ კი გვეუბნებით, რომ კანონი ხართ თქვენ. ეს დამთავრდება აუცილებლად და თქვენ ამაზე აუცილებლად მიიღებთ პასუხს! ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან, ნორმალურ განვითარებას თქვენ გარეშე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები