სახალხო დამცველი მერიასა და შსს-ს მოუწოდებს, შვილმოკლული მამების აქციას ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით ხელი არ შეუშალონ

0

სახალხო დამცველი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ პარლამენტის ტერიტორიაზე შეკრების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, მათი კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით ხელი არ შეუშალონ.
სახალხო დამცველი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების შეკრების უფლების მოსალოდნელ შეზღუდვას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
„2018 წლის 9 ნოემბერს მედიით გავრცელებული და სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მიუხედავად მოცემულ შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების არარსებობისა, ზაზა სარალიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 1 ნოემბერს წერილით მიმართა და აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელება და კარვების განთავსება მოითხოვა. მერიიდან მიღებული პასუხის შესაბამისად, ზაზა სარალიძეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე მითითებით ეთხოვა, მიმდინარე წლის 7 დეკემბრიდან შეცვალოს საპროტესტო აქციის ჩატარების დრო და ადგილი, რათა შეუფერხებლად გაიმართოს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია პარლამენტის შენობის წინ.
გასათვალისწინებელია, რომ აქციის ორგანიზატორი ვალდებულია მერია წინასწარ გააფრთხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე იმართება ან აფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას. ასეთი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს შეკრების ადგილისა და დროის შეცვლის შესახებ რეკომენდაციის გაცემის უფლებამოსილება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ შეკრება რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, ან იმავე დროს და იმავე ადგილას სხვა აქცია არის დაგეგემილი (რომელზეც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში). ამდენად, თბილისის მერიის მიერ მითითებული საფუძვლით შეკრების თავისუფლებაში ჩარევას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
საგულისხმოა, რომ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის შენობის წინ 2018 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა შემთხვევებს, როდესაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან ხელი ეშლებოდათ კარვის განთავსებაში, რაც შეკრების უფლებაში ჩარევად შეაფასა. სახალხო დამცველმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარადგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში; ასევე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, ხოლო მსგავსი უფლებით სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულობისა და საზოგადოების ღიაობის ხარისხს. ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მონაწილეების მხრიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე შეკრების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით არ შეუშალონ ხელი ზემოხსენებული კონსტიტუციური უფლების რეალიზებას”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი