კახა კალაძე დევი ჭანკოტაძის მიმართვაზე: ამ განცხადებას სამარცხვინოს ვუწოდებ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გენერალ დევი ჭანკოტაძის გუშინდელს განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.
კახა კალაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებას” ბრალს იმაში სდებს, რაც თვითონ ჩაიდინა.
„ძალიან საწყენია, რომ ყველაფერი პოლიტიზირებულია. ამ განცხადებას სამარცხვინოს ვუწოდებ. რა განცხადებებზეა საუბარი, როდესაც ტერიტორიების 20% არის დაკარგული და ზუსტად იმ პოლიტიკის შედეგია, რა პოლიტიკასაც ახორციელებდა ბატონი სააკაშვილი, მისი თანაგუნდელები. დღეს რომ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დაკარგულია სოფლები, უამრავი დაღუპული ადამიანია, ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ეს არის სააკაშვილის და მისი გუნდის პოლიტიკური ნაბიჯების შედეგი. ეს არის დიდი უბედურება და სამწუხარო. აქეთ გვდებენ ბრალს ჩვენ იმაში, რაც თვითონ ჩაიდინეს. ყველაზე დიდი უბედურება კიდევ არის ის, რომ ევროპარლამენტში რეზოლუციას მოაწერეს ხელი. გამეორება არ მინდა, იმ შინაარსის რაც იქ წერია, სამარცხვინო”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა დევი ჭანკოტაძემ გუშინ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა.
“ჩვენ ვიცავდით სამშობლოს და მომავალშიც დავიცავთ. რამდენიმე კვირაში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენ ბიჭები გაასამართლოს, ჩვენი გმირები – ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები გაასამართლოს.მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს და ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და ღირსეული უმაღლესი მთავარსარდალი”, – აღნიშნა დევი ჭანკოტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები