თავდაცვის სამინისტრო დევი ჭანკოტაძეს პასუხობს-“სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი პოლიტიკური მიმართვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად”

“სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი პოლიტიკური მიმართვა, მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს” – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც უწყება გენერალ დევი ჭანკოტაძის ვიდეომიმართავას ეხმაურება.
ამასთან, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გენერალი დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი პირები არ არიან მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები და შეიარაღებულ ძალებში უკვე წლებია აღარ მსახურობენ.
“კვირა” თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“გვინდა გამოვეხმაუროთ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, კონკრეტულად კი გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომელიც მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე გააკეთა.
პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ, რომ დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი პირები არ არიან მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები და წლებია აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში. სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა, მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს.
თავდაცვის სამინისტროსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღეებელია, სამხედო ფორმით პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზაციის მცდელობა. აღნიშნული ქმედება, დამაზიანებელია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისთვის, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალები და შეურაცხმყოფელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის.
მოცემული განმარტების მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა არ შეიქმნას ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს შეიარღებული ძალები პოლიტიკურად მიკერძოებულია. საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და ის არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში.
შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა მოქალაქესა და პოლიტიკური გაერთიანების წევრს, ნუ ეცდება შეიარაღებული ძალების რაიმე ფორმით ჩართვას პოლიტიკურ, თუ საარჩევნო კამპანიაში” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გენერალმა დევი ჭანკოტაძემ და რამდენიმე ყოფილმა ჯარისკაცმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
“საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენ ბიჭები გაასამართლოს”, – ამ სიტყვებით მიმართავს გენერალი დევი ჭანკოტაძე ჯარს და ამომრჩეველს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები