ნინო გოგუაძე: ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც იმისთვის, რომ ბიძგი მიეცა მმართველი გუნდისთვის
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა პოლიტიკურ სპექტრს გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება მისცა. მისივე თქმით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ მმართველმა გუნდმა მეტი ყურადღება მიაქციოს საზოგადოებისთვის უფრო საჭირო საკითხებს.
“ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, განსაკუთრებით მეორე ტური, როდესაც პირველი ტურის შედეგებმა მმართველ ძალასაც და მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს მისცა გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელი გუნდი მობილიზებულია იმისთვის, რომ ახლა სწორი კომუნიკაცია იყოს ამომრჩეველთან. უფრო აქტიური იყოს თითოეული მაჟორიტარი, პარლამენტარი იმისთვის, რომ საზოგადოებას სწორედ იმ საჭიროებებზე ვესაუბროთ, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მივიღეთ მათი გზავნილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით, თუნდაც იმისთვის, რომ ბიძგი მიეცა მმართველი გუნდისთვის, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის, იმისთვის, რომ უფრო მეტად მიექციათ ყურადღება იმ საჭიროებებზე, რაც თითქოს გამოგვრჩა მხედველობიდან.
მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მაჟორიტარი ვარ, მე თვითონ მქონდა ინტენსიური შეხვედრები არასაარჩევნო პერიოდში და მქონდა წარმოდგენა, რა თქმა უნდა, დღის წესრიგი რა არის ჩვენი მოსახლეობის. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტია საჭირო ამ მხრივ ამომრჩეველთან, ჩვენს მოქალაქეებთან კომუნიკაცია და მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეალურად სწორად დავინახოთ ის, თუ რა პოლიტიკური პროცესების წინაშე შეიძლება დაგვაყენოს ამ საარჩევნო პროცესმა”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.