საპატრიარქო შვილებისადმი მშობლების ლოცვას ავრცელებს

საპატრიარქო შვილებისადმი მშობლების ლოცვას ავრცელებს. ეს ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღეს, წირვაზე წაიკითხა.
“ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა! უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა. განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს: “ მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული” (იგ.1;8,9).
თუ არ ,,დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ” (იგ.3; 21,26).
ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა დაყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა დასულისა წმიდისათა, ამინ!”
შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები