“გადაწყვიტა, “კანონიერი ქურდების” დახმარებით, ხელში ჩაეგდო თავისი ძმის ბიზნესი” – რა მოხდა იმერეთში (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
“სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში დაკავებული არიან: 1968 წელს დაბადებული, კრიმინალური ავტორიტეტი ი. ფ., 1967 წელს დაბადებული ე. ჩ. და 1962 წელს დაბადებული გ. გ.
ჩადენილი დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გ. გ. და მისი ძმა – 1965 წელს დაბადებული რ. გ. ქალაქ ზესტაფონში ფლობენ ავტოსადგურებს, საიდანაც მიკროავტობუსებით ახდენდნენ მგზავრების გადაყვანას სხვადასხვა მიმართულებით.
მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, გ.გ.-მ საკუთარი შემოსავლების გაზრდის მიზნით გადაწყვიტა, “კანონიერი ქურდების” დახმარებით, ხელში ჩაეგდო თავისი ძმის ბიზნესი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გ.გ.-მ მასთან მომუშავე, „ქურდული სამყაროს“ წევრის – ე. ჩ.-ს მეშვეობით დასახმარებლად მიმართა, ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრს – ი. ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ გ.გ. საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდ“ – გია ცხვარაძესთან – მეტსახელად „გია სამტრედსკის“ იგივე „ბაბუს“ დააკავშირა, რომლის გადაწყვეტილებით გ.გ.-მ, ი. ფ.-მ და ე. ჩ.-მ შეძლეს გ.გ.-ს ძმასთან მომუშავე მიკროავტობუსის მძღოლების დაშინება. კანონიერი ქურდის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის ბრალდებულები მძღოლებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, რის გამოც მძღოლები იძულებული გახდნენ, მუშაობა შეეწყვიტათ. შედეგად გ.გ.-მ ძმის ბიზნესი მიისაკუთრა.
დახმარებისთვის გ.გ.-სგან „კანონიერმა ქურდმა“ გია ცხვარაძემ, ი.ფ.-მ და ე.ჩ.-მ მატერიალური სარგებელი მიიღეს.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე 1 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, -აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები