გიგა ბოკერია: პრობლემა არაა, თუ გრიგოლ ვაშაძეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პოლონეთში მომხდარი შემთხვევის შესახებ საუბრისას, როდესაც ქვეყნის საგარეო უწყებიდან დაითხოვეს ყველა, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, განაცხადა, რომ პოლონეთის გადასაწყვეტია, რა სტანდარტებს დაუწესებს საკუთარ დიპლომატებს. თუმცა ის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესაც აღნიშნული უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ბოკერიას თქმით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
„პოლონეთის გადასაწყვეტია, რა სტანდარტებს დაუწესებს საკუთარ დიპლომატებს. საქართველოს შემთხვევაში კი, როდესაც მეორე მხარეს არის საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას, უარყოფითად უყურებს ნატო-ს წვრთნების ჩატარებას და ეთნიკურ შუღლს აღვივებს, ეს საკითხი იმდენად არარელევანტურია, რომ სერიოზულ პასუხსაც არ იმსახურებს.
​სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას კოზირი კი არ უჭირავს ხელში, დგას საფრთხის წინაშე, რადგან მმართველი გუნდი და ივანიშვილი ძალადობრივი მეთოდებით და სამოქალაქო ომის მუქარით ცდილობენ გახადონ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა”,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყველა ის თანამშრომელი დაითხოვეს, რომლებსაც განათლება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში (მგიმო) ჰქონდათ მიღებული, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა.
ცნობისათვის, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 1981 წელს მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები