ლია მუხაშავრია: ჰუმანიზმზე უარს ნუ ვიტყვით, იმიტომ რომ შემზარავი დანაშაულები ყოველთვის ხდებოდა და ყოველთვის მოხდება
ჰუმანიზმსა და კაცთმოყვარეობაზე უარს ნუ ვიტყვით, იმიტომ რომ შემზარავი დანაშაულები ყოველთვის ხდებოდა და ყოველთვის მოხდება, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის წევრმა ლია მუხაშავრიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მუხაშავრიამ კომენტარი გორში 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების შესახებ გააკეთა.
„შეწყალება არის ერთადერთი სიკეთე, რასაც მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო აკეთებს. ამ ადამიანს ჰქონდა ძალიან მძიმე სასჯელი მისჯილი შეკრებითობის წესით. 8 წლის პატიმრობის შემდეგ, პატიმარს ეკარგება მომავალში საკუთარი ცხოვრების განჭვრეტის უნარი, ანუ სოციუმში მისი დაბრუნების, რეაბილიტაციის, რესოციალიზაციის უნარები, პრაქტიკულად, ქრება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანზე იყო განხორციელებული ძალადობა, საყოველთაოდ ცნობილი ციხის წამებისა და სისასტიკის სახით, ამიტომ, ჩვენც ვურჩიეთ და პრეზიდენტმა მას მოაკლო მხოლოდ 1 წელი. ესეც იმ მძიმე საქმეს ჰგავს, როცა საკუთარი გერი მოკლა ადამიანმა, იქაც შეწყალების კომისია დასახელდა, როგორც დამნაშავე.
მაგრამ, გარწმუნებთ, რომ უფრო მეტი დანაშაულია ის, რომ ასეთი ადამიანებისთვის ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა შემდგომი რეაბილიტაციის კუთხით. ჩვენ არ ვიცით, მისი გასამართლება სააკაშვილის დროს რამდენად დასაბუთებული და კანონიერი იყო. ეს ადამიანი სასჯელის მოხდის პერიოდში შეიძლება კიდევ უფრო გაბოროტდა და კიდევ უფრო აგრესიული და საზოგადოებისთვის საშიში გამოვიდა თავისუფლებაზე. მაგრამ 1 წლით მისთვის სასჯელის შემცირება არამც და არამც არ შეიძლება გამხდარიყო მიზეზი იმ დანაშაულისა, რომელიც, სავარაუდოდ, მან ჩაიდინა. მესმის, რომ ეს შეიძლება გახდეს ტალახის სროლის მიზეზი და პირადად მე ძალიან განვიცდი ამ უბედურებას. ამ ზაფხულს 8 წლის ბავშვი ვიშვილე და წარმომიდგენია, რა ტრაგედიაა ოჯახისთვის ის, რაც მოხდა. მაგრამ, ეს არის საკითხის სრულიად სხვადასხვა მხარე. არ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ არავის შეწყალება არ უნდა მოხდეს. ასევე, არ ვემხრობი იმ სისასტიკეს, რაც გადმოიფრქვა საზოგადოების მხრიდან, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენი უნდა დაიხვრიტოს, უმძიმესი სასჯელები გააცხადეს ადამიანებმა. ამას ვერ დავუჭერ მხარს“, – განაცხადა მუხაშავრიამ.
ცნობისთვის, შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ, გორში, 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის შეწყალების დეტალები რამდენიმე დღის წინ განმარტა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა არ გაიზიარა კომისიის რეკომენდაცია სრულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და იაგო ნებიერიძეს დარჩენილი საპატიმრო სასჯელიდან მხოლოდ ერთი წელი და ერთი თვე ჩამოაკლო.
მკვლელობის საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
8 წლის ბავშვი 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.
თამუნა შეყილაძე