ლადო პაპავა: „ქართულ ოცნებას“ ვურჩევ, სასწრაფოდ გაიტანოს პარლამენტიდან კანონპროექტი მარიხუანას კულტივაციის შესახებ

„ქართულ ოცნებას“ ვურჩევ, სასწრაფოდ გაიტანოს პარლამეტიდან კანონპროექტი მარიხუანას კულტივაციის და საექსპორტო წარმოების შესახებ, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მარიხუანას პლანტაციები, ჩვენ მიერ ჩატარებული გათვლებით, დიდ შემოსავალს მისცემს მის მწარმოებლებს და მცირედით გაუმჯობესდება ჩვენი საბიუჯეტო მდგომარეობა. ეს მილიარდიანი მოგება, რაზეც იყო საუბარი, ჯერ ერთი, მილიარდიანი არ არის და მეორეც, ეს მოგება წავა ბიზნესმენის ჯიბეში. ხოლო იმის გათვალსიწინებით, რომ მარიხუანა არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, სასოფლო-სამეურნეო წარმოება ბევრი გადასახადისგან თავისუფალია. მით უფრო, თუ ექსპორტზე წავა, კიდევ უფრო თავისუფალია. ბიუჯეტში რაიმე სერიოზული მნიშვნელოვანი მატება არ იქნება. მარიხუანა კარგიც რომ იყოს და საფრთხის შემცველი არ იყოს, მაინც ნედნეულის ექსპორტზეა ლაპარაკი, მაინც ჩამორჩენილობასა და განუვითარებლობაზეა ლაპარაკი. ამიტომ, პრინციპულად შესაცვლელია ეს ყველაფერი.
დღეს არანაირი კულტივაცია არ გვაქვს, არანაირი პლანტაციები არ გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. თქვენ ნახეთ, რა ხდება მაღალ კლასებში, სკოლებში, ვერ აკონტროლებს და როგორ წარმოგიდგენიათ, როცა პოტენციურად მიწოდების შესაძლებლობა, თუნდაც არალეგალური გაიზარდება, იმას გააკონტროლებს?“, – განაცხადა ლადო პაპავამ.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კანაფის კულტავაციის საკანონმდებლო პაკეტის გაწვევის საკითხზე ისაუბრეს, თუმცა საბოლოოდ ითქვა, რომ აღნიშნული კანონპროექტის გაწვევა პარლამენტის პრეროგატრივა არ არის, რადგან ის მთავრობის მიერ არის ინიცირებული.
პროექტის გაწვევის საკითხი ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ დასვა, რომელმაც ბიუროს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომიტეტის წევრებს აქვთ პოზიცია პროექტის გაწვევის შესახებ.
ჯანდაცვის კომიტეტი “კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე წამყვანი კომიტეტია. ზოიძემ დღეს წამყვანი კომიტეტის შეცვლაც მოითხოვა და როგორც აღნიშნა, კანონპროექტი თავისი არსითა და შინაარსით ჯანდაცვითი ინიციატივა არ არის და ეკონომიკური პროექტია.
“ღიად არის დარჩენილი საკითხი, რაც გარკვეულ ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს. არის დამატებითი ახსნა-განმარტებები, რომ აქ ქვეყნისთვის საზიანო არაფერი კეთდებოდა. პირიქით, მხოლოდ სასარგებლო და სარგებელი აჭარბებს რისკებს. ეს თემები არ არის გახსნილი და ჩვენ ამომრჩეველზე ნეგატიურად მოქმედებს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ზოიძის პასუხად პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ მისი პირადი პოზიციაა, რომ პროექტი გაწვეული უნდა იყოს პარლამენტიდან.
ცნობისთვის, მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს. საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დროებით შეაჩერა.
ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინანდელ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა.
„კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ შფოთვას ვერ გავიზიარებ”- განაცხადა ივანიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები