ლადო პაპავა: სასურველია, “ქართული ოცნების” სახეები გახდნენ ისინი, რომლებიც სააკაშვილის 9-წლიან რეჟიმს ებრძოდნენ

სასურველია, „ქართული ოცნების“ სახეები გახდნენ ისინი, ვინც სააკაშვილის 9-წლიან რეჟიმს ებრძოდა, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა საპარლამენტო ლიდერები სასწრაფოდ უნდა ჩაანაცვლოს.
„რას ვურჩევდი „ქართულ ოცნებას“ სასწრაფოდ , სანამ მეორე ტური დადგება:
პირველ რიგში, სასწრაფოდ გაიტანოს პარლამეტიდან კანონი მარიხუანას კულტივაციის და საექსპორტო წარმოების შესახებ. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არანაირი განხილვა აღარ იქნება, ეს კანონი აღარ განიხილება. ეს მკაფიოდ უნდა იყოს გაკეთებული.
სასწრაფოდ მოხდეს ჩანაცვლება საპარლამენტო ლიდერების. ბოლო განცხადება როცა გააკეთა ქალბატონმა სალომემ, მაქსიმალურად შეეცადა ახალი სახეები დაეყენებინა გვერდით, შვილებითაც კი შეავსო, რასაც მივესალმები, იმიტომ, რომ ეს კარგი ტრადიციაა, როცა ოჯახის წევრებთან ერთად წარდგება პრეზიდენტობის კანდიდატი. ძველი სახეებიდან ვინ იყვნენ – კალაძე და ვოლსკი. კალაძე არჩეული მერია, ეს სხვა კონტექსტში განიხილება. ვურჩევდი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ფრაქციების ხელმძღვანელების, კომიტეტის თავმჯდომარეების, ჩანაცვლება მოხდეს ისეთი ხალხით, რომლებიც ნაკლებად გააღიზინებს საზოგადოებას. შეგახსნებეთ, როცა ქალბატონმა მაია ნადირაძემ ძალიან ცუდი შეფასება მიიღო საზოგადოებისგან, „ნაციონალურმა მოძრაობამ” ის ჩაანაცვლა, არ გამოაჩინა. პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქციის ლიდერი და უმრავლესობის ლიდერი არ გამოაჩინო, ეს შეუძლებელია. ამიტომ, აუცილებელია ჩანაცვლება. ასევე, სასურველია, „ქართული ოცნების“ სახეები გახდნენ ისინი, ვინც ებრძოდა სააკაშვილის 9-წლიან რეჟიმს. მათ შორის მე არ გამოვრიცხავ ირაკლი ღარიბაშვილის მობრუნებას, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის, ის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მარტო იმის მოწოდება, რომ შეიძლება დაბრუნდეს ის ძველი რეჟიმი და ამიტომ ხმა მივცეთ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, საკმარისი არაა. რა თქმა უნდა, ეს ხმების გარკვეულ პროცენტულ ზრდას გამოიწვევს, მაგრამ უნდა იქნას გადადგმული პრინციპული ნაბიჯები, რაც გითხარით, მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გატანა, თანამდებობების ჩანაცვლება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაირკვეს და მკაფიოდ ითქვას სარალიძის მკვლელის ამბავი, ასევე, მკაფიოდ უნდა ითქვას გადაცდომა იყო, შეცდომა იყო, თუ რაც მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს. ამას სჭრიდება პოლიტიკური ნება, რაც მთავარია ერთხელ და სამუდამოდ, უარი ითქვას ქვეყნის მენეჯერულ მართვაზე. მენეჯრების საქმე ბიზნესია, აკეთონ ბიზნესი, მათი საქმე არ არის ქვეყნის მართვა
სერიოზული პრობლემა იყო ის, რომ როდესაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობით მოვიდა, მათ არ გააკეთეს 9 წლის პოლიტიკური შეფასება. აქ არ არის ლაპარაკი ვინმეს დაჭერაზე. დაჭერა უნდა გადაწყდეს გამოძიებით, სასამართლოთი. უბრალოდ, პოლიტიკური რეჟიმის შეფასება არ გაკეთებულა. მართალია, გვიან, მაგრამ „პატრიოთან ალიანსმა“ ეს წამოწია, რატომ იჭიმება ეს საკითხი? ამის მიღებას სჭირდება პოლიტიკური ნება“, – განაცხადა ლადო პაპავამ.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები