ლევან იზორია: ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია რუსული ნარატივის დეზინფორმაციაა

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვიზიტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც თითქოსდა მან საქართველოს თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. როგორც იზორიამ აღნიშნა, ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია. მისივე თქმით, შეიარაღებული ძალებისთვის ამგვარი რამ მიუღებელია და გამიზნული კამპანიაა, ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებისთვის.
„თქვენ ხედავთ, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში დეზინფორმაციის წყება წამოვიდა, განსაკუთრებით, თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან და განსაკუთრებით, „რუსთავი 2-ის“ ორგანიზებით. სწორედ ამ პოლიტიკაში და დეზინფორმაციულ კამპანიაში ის, რაც გუშინ გაჟღერდა – თითქოსდა ბოლტონი ჩამოვიდა და რომ ჩვენ მისგან მივიღეთ გაფრთხილება – პირიქით და რეალურად, სიტუაცია გახლდათ ისეთი, რომ ბოლტონმა იმავე დღეს, ასევე მატისის წერილმა, კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა საქართველოში გავრცელებული რეფორმების მიმართ და განსაკუთრებით თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების მიმართ. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ ანტისატანკო ჯაველინების სისტემის საქართველოსთვის გადაცემა არის მნიშვნელოვანი მოვლენა. მე პირად საუბარში მოვისმინე ბატონი მატისისგან, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ იღებენ, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ნდობა და აღიარება.
​სწორედ ამ ნდობისა და აღიარების ფარგლებში, ჩვენ გავაგრძელებთ სხვა ტიპის ტაქტიკური შეიარაღების შეძენას აშშ-იდან. ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც აზიარებს ზოგიერთი პოლიტიკოსი ერთმანეთში. იმის მაგივრად, რომ ყველა გავერთიანდეთ და ასეთი მოვლენების მიმართ გვქონდეს ადეკვატური რეაქცია, სამწუხაროდ პირიქით, ზოგიერთი ამას ხელს უწყობს, რომ ნეგატიურ კონტექსტში იქნას აღქმული. შეიარაღებული ძალებისთვის ეს არის მიუღებელი და მართლაც გამიზნული კამპანია, რათა მოხდეს დემორალიზება, ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბება, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მიმართ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით კი, სრულიად გაურკვეველი და უცნობი საიტის, ReportBlogs-ის წარმომავლობა არის საეჭვო და მასზე განთავსებული მასალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა რურუა სოციალურ ქსელებში აზიარებს, წარმოადგენს ე.წ. ფეიკნიუსის კლასიკურ მაგალითს.
საკითხს გამოეხმაურა აშშ-ში საქართველოს საელჩოც, სადაც აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ცრუ და ყალბია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები