ესტონეთის პარლამენტის წარმომადგენლები ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდნენ
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე და ფრაქციის წევრი, კობა ნაკაიძე, ესტონეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰანს ჰანსოსა და კომიტეტის წევრებს, ანც ლაანეოცს, მადის მილინგს, იოჰანეს კერტსა და სამდივნოს უფროსს, აივარ ენგელს შეხვდნენ. აღნიშნული შეხვედრა საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, ქალბატონ კაი კაარელსონის ინიციატივით შედგა.
„მოხარული ვართ, რომ ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია იმყოფება საქართველოში. ორ ათეულ წელზე მეტია სამაგალითო ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსა და ესტონეთს, რაც ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას. აღნიშნული შეხვედრაც იმის დასტურია, რომ ჩვენთვის საპატიო სტუმრები ხართ, რაც დადებითად აისახება ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებზე,“ – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ.
ფრაქციის წევრის, კობა ნაკაიძის, განცხადებით, „მისასალმებელია, რომ ესტონეთი იყო და არის საქართველოს მუდმივი მხარდამჭერი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართულებით; ასევე, უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესის ძლიერი მხარდაჭერა ესტონეთის მხრიდან. ჩვენი მიზანია, რომ ის ორმხრივი ურთიერთობა, რაც ამ ორ ქვეყანას აკავშირებს, კიდევ უფრო გაძლიერდეს.“
ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ჰანს ჰანსოს, განცხადებით: „ჩვენი ქვეყნები არაერთ სფეროში თანამშრომლობენ, განსაკუთრებული ახლო პარტნიორობა გვაკავშირებს თავდაცვის სფეროში, კიბერუსაფრთხოების კუთხით ხდება ჩვენი გამოცდილების გაზიარება ქართველი კოლეგებისთვის. გარდა ამისა, ვახორციელებთ ერთობლივ სამხედრო წვრთნებსაც, გამოცდილების გაზიარება ხდება ოფიცრების მომზადების კუთხითაც. ქართული მხარე ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ბალტიის თავდაცვის კოლეჯთანაც.“
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესახებაც. ბიძინა გეგიძის განცხადებით, „დღის წესრიგში დგას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლება, რომელიც სრულად ასახავს საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და დეტალურად იქნება წარმოდგენილი ყველა სეგმენტის ანალიზი, რაც კავშირშია ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ჩვენი ფრაქციის წევრია გენერალი კობა კობალაძე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეები გახლავართ მე და გიორგი კოპაძე, ასევე ფრაქციის ახალგაზრდა წევრებიც აქტიურად ჩაერთვებიან ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების პროცესში და ჩვენს ხედვებს წარმოვადგენთ. ამ სამუშაო პროცესის განმავლობაში კი დიდი ინტერესით მივიღებთ რჩევებს ესტონეთის გამოცდილებიდანაც.“
ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის წევრის, გენერალ-ლეიტენანტის, იოჰანეს კერტის შეფასებით, საქართველოს მონაწილეობა და კონტრიბუცია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ძალიან მნიშვნელოვანია. „თქვენ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის აკეთებთ ბევრად მეტს, ვიდრე ნატოს წევრი რამდენიმე სახელმწიფო. ამის მიუხედავად, ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის მზად, თანხმობა განაცხადოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე, თუმცა, ჩემი ქვეყნის, ესტონეთის სახით, თქვენ დიდი გულშემატკივარი გყავთ ევროინტეგრაციის გზაზე. გააგრძელეთ რეფორმები, იდექით თქვენს პოზიციაზე მყარად და ნატოს წევრობა სულაც არ არის შორეული პერსპექტივა საქართველოსთვის“.
მხარეებმა აღნიშნული შეხვედრა დადებითად შეაფასეს და შეთანხმდნენ, რომ აქტიურ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ.