საქართველოში აშშ-ის საელჩო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს
საქართველოში აშშ-ს საელჩომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დადებითად შეაფასა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ის პროფესიულ დონეზე იყო ორგანიზებული. თუმცა საელჩომ დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეშფოთებას საარჩევნო პროცესებში არსებული ხარვეზების შესახებ, როგორიცაა შეუსაბამო ხერხებით ამომრჩეველთა მობილიზაცია და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება. ხაზგასმით აღვნიშნავთ მეორე ტურში ამ ხარვეზების გამოსწორების მნიშვნელობას.შეერთებული შტატები გააგრძელებს საარჩევნო გარემოს ყურადღებით დაკვირვებას. მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან. აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება.