გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ლატვიელ კოლეგას მასპინძლობს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდს კალნინსი სტუმრობს. ლატვიელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალისა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერის გაკეთების შემდეგ, ქართველ და ლატვიელ გენერლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
გენერალური შტაბის უფროსმა ლატვიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
გენერლებმა ლატვიასა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე გამახვილდა, რაც საქართველოსა და ლატვიის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს ლატვიელი სამხედროები საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაში – Agile Spirit 2019 მიიღებენ მონაწილეობას.
კოლეგებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებსა და განათლების კუთხით თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხებზეც იმსჯელეს. გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, საქართველო ლატვიისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების შეთავაზებას კვლავ გააგრძელებს.
გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ, გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდს კალნინსი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის უფროსი 1 და 2 ნოემბერს, ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. დაგეგმილია ლატვიელი გენერლის სტუმრობა სპეციალური ოპერაციების ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები