ზაალ ანჯაფარიძე: ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ გაფრთხილება მისცა

ამომრჩეველმა, ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებას“ მისცა ერთგვარი გაფრთხილება, რომ ის პოლიტიკა, რასაც ის ატარებს, მისთვის ან საერთოდ მიუღებელია, ან ისურვებდა ამ პოლიტიკის გამოსწორებას, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ზაალ ანჯაფარიძემ აღნიშნა, ამ შედეგის დადგომაში წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ დაშვებულმა სტრატეგიულმა და ტაქტიკურმა შეცდომებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
„ეს იყო არჩევნების წინ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის თემის აქტუალიზაცია, რამაც საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი უარყოფითად განაწყო ხელისუფლების მიმართ. ასევე კანაფის კულტივირების თემის შემოტანა. ნეგატიური როლი ითამაშა იმ საინფორმაციო ფსიქოლოგიურმა შეტევებმა, რაც იქნა მიტანილი „რუსთავი 2-ის“ მიერ ხელისუფლებაზე, კომპრომატების ომს ვგულისხმობ, განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ დაგროვილი ქონების და სასახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ. მეორე საქმეა რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, მაგრამ მთავარი პირველი ეფექტი იყო“,- განაცხადა ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ამ გამოწვევებზე ხელისუფლების პასუხი არასაკმარისი და არაადაკვატური აღმოჩნდა.
„ამომრჩეველთა აქტიურობა არ იყო მაინცდამაინც მაღალი. თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა მისი ამომრჩევლის სრულად მობილიზება, ეს ვერ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ,“ ვერ მოახერხა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითაც კი.
კიდევ ერთი მაჩვენებელი ამ არჩევნებისა არის ამომრჩევლის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის იმედგაცრუება და გულაყრილობა არსებულ პოლიტიკურ სპექტრზე. ამის გამოა, რომ დიდი ნაწილი არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში“,- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა შეცდომა იყო.
„ეს გახლავთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეცდომა, რაც დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც ჩემთვის აუხსნელი მიზეზების გამო, არჩევანი შეაჩერა სალომე ზურაბიშვილზე. როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, ევროპას არ მოსწონს ის, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური თანამდებობა და ხელისუფლების ყველა შტო არის ერთი პოლიტიკური ძალის ხელში; კარგი იქნებოდა, ეს თანამდებობა ოპოზიციისთვის დაგვეთმო ან მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვისო. საზოგადოებაში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის დაყენებამ ვერ შექმნა ის განცდა, რომ ის იყო დამოუკიდებელი კანდიდატი.
ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მობილიზდება „ქართული ოცნების“ პასიური ამომრჩეველი , რომელიც დარჩა სახლში. თუ ისინი გააცნობიერებენ იმას, რომ მათი სახლში დარჩენა ნიშანვს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გამარჯვებას. ამან, შეიძლება, ერთგვარი მობილიზატორის როლი შეასრულოს. ვაშაძეს, „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლების, თუნდაც ნახევარმა, რომ დაუჭიროს მხარი, ესეც მნიშვნელოვანი იქნება, შესაძლოა, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაუჭირონ მხარი ვაშაძეს“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, ცესკომ 3 705 საარჩევნო უბნიდან 3692 (+ 11 სპეცუბანი) დათვალა. ბოლო შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,63% (615 403 ხმა), ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % (601 175 ხმა) მიიღო.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები