პატრიარქი: უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს, პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს, პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქი, ქადაგებისას, საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო მოვლენებსა და საპრეზიდენტო კანდიდატების უხეშად მოხსენების ფაქტებს გამოეხმაურა. უწმინდესმა ქადაგების შემდეგ, მრევლს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველო ირჩევს პრეზიდენტს.
“დღეს განსაკუთრებული დღეა – ქართველი ერი, ქართველი ხალხი, საქართველო ირჩევს პრეზიდენტს. ეს წინა დღეები მძიმე იყო არა მარტო იმათთვის, ვინც იყო კანდიდატი პრეზიდენტობის, არამედ მძიმე იყო მთელი ერისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ხშირი შემთხვევა იყო, როდესაც უხეშად იხსენიებდნენ ერთმანეთს და ეს უნდა გავითვალისწინოთ მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს, პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც.
მაცხოვარი ჩვენი ბრძანებს: “ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ”. რა უნდა ვთხოვოთ უფალს? უნდა ვთხოვოთ სიმშვიდე, შვილების კეთილდღეობა. წმინდა მამები ამბობდნენ: “ჰე, უფალო, მომანიჭე განცდაი, თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა”.
უნდა დაინახოს ადამიანმა საკუთარი თავი. ძველი რომაელები ამბობდნენ: “შეიცანი თავი შენი”. უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და არ უნდა დავინახოთ ან ნაკლებად დავინახოთ ნაკლი ჩვენი მოყვასის. უნდა დავინახოთ მისი კეთილი მხარე”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, დღეს საპატრიარქოში მათ დაანთეს სანთელი და შესთხოვეს უფალს, რომ უფალმა მშვიდობა მისცეს საქართველოს. ასევე, წაიკითხეს ფსალმუნიდან ერთ-ერთი კანონი.
“გადავშალე და გაიხსნა მე-14 კანონი. საოცარია, რომ ამ მე-14 კანონში არის თითქოს საქართველოს ცხოვრება, წარსული და მომავალი, განცდები და სიხარული. ეს საოცარი ფსალმუნები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ უფალი ჩვენთან არის. უფალი მფარველობს საქართველოს”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, ეს კანონი არის წინასწარმეტყველება საქართველოს შესახებ. მან მიმართა მრევლს, ყოველდღე წაიკითხონ მე-14 კანონი.
ქადაგების შემდეგ, პატრიარქმა წინასწარ მომზადებული პურის სუფრა აკურთხა და განაცხადა, რომ ტაძარში მყოფს ყველას შეხვედროდა და სახლშიც წაეღოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები