ანა მიქელაძე: 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 15.95% შეადგინა

ცესკო-ში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ანა მიქელაძის განცხადებით, დარღვევებზე შესულ განცხადებებს საარჩევნო ადმინისტრაცია კანონის ფარგლებში შეისწავლის და რეაგირებას მოახდენს.
ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 15.95%, (558 755 ამომრჩეველი).
„აღნიშნულ მონაცემს თუ შევადარებთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების 12:00-საათიან მონაცემს, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17.15%. 12-საათიანი აქტივობის მონაცემის მიხედვით, დღეს ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურის ოლქში – 27.4%, ხოლო ყველაზე დაბალი – ყაზბეგის ოლქში – 12%“, – განაცხადა ცესკო-ს პრეს-სპიკერმა.
ანა მიქელაძემ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზების შესახებ:
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ცესკოს მოაწოდა ინფორმაცია, რომ ნაძალადევის №74-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით, რომელიც არ იყო ცესკო-ს მიერ დადგენილი წესით გაცემული, იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი. გადამოწმების შედეგად, აღნიშნული დადასტურდა და საუბნო საარჩევნო კომისიამ დაატოვებინა არაუფლებამოსილ პირს საარჩევნო უბანი; ახმეტის ოლქში, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და ჩვეულებრივ, მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. თუშეთში, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არის რეგისტრირებული 28 ამომრჩეველი, კერძოდ, სხვადასხვა პოსტზე მყოფი მესაზღვრეები. მათგან 4 შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო დანარჩენებთან, უამინდობისა და დაკეტილი გზების გამო, ვერ მოხერხდება გადასატანი ყუთის მიტანა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორში, 4 საარჩევნო უბანი დაკეტილი იყო. საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა და აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკო-ს პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია.
“ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება”,- აღნიშნა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები