მამუკა მდინარაძე: “რუსთავი 2”, მიუხედავად საარჩევნო დღის დადგომისა, 12 საათის შემდეგ, აგრძელებდა ცილისწამებას ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ

“გუშინ, “რუსთავი 2″, მიუხედავად საარჩევნო დღის დადგომისა, 12 საათის შემდეგ, აგრძელებდა ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მიუხედავად ცალკეული მცდელობებისა, ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით, არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს.
“მიუხედავად ყველასთვის ცნობილი ძალების მცდელობებისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. რამდენიმე შემთხვევაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი – მურთაზ ზოდელავა ტელეკამერების წინ, ხევს სააგიტაციო მასალას და ამას ხსნის იმით, რომ თითქოს უბნის შიგნით არის ეს მასალა. რეალურად, არის უბნის გარეთ და არჩევნების დღესაც უბნის გარეთ აგიტაცია არ იკრძალება.
როგორც ნახეთ, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები გამოესარჩლნენ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, იმ მოტივით, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია დაშვებულია, თუმცა ისინი შეგნებულად უვლიან გვერდს მთავარს – მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნების დღეს აკრძალულია მასმედიის საშუალებებით, საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული რეკლამირება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გუშინ, “რუსთავი 2″, მიუხედავად საარჩევნო დღის დადგომისა, 12 საათის შემდეგ, აგრძელებდა ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები