ამ დროისთვის “საია-ს” 10 საჩივარი და 2 შენიშვნა აქვს დაწერილი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ამ დროისთვის, მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოუვლენია, ისინი, ძირითადად, პროცედურული ხასიათისაა. საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის, საია-ს 10 საჩივარი და 2 შენიშვნა აქვს დაწერილი. სულხან სალაძის თქმით, სამგორის N78-ე უბნიდან ამომრჩეველმა ბიულეტენი გაიტანა, რაზეც დამკვირვებელმა თვალი დახუჭა და განაცხადა: „არაუშავს, დანაკლისში გავუშვათო“, პირველი საჩივარი საია-ს წარმომადგენელმა აღნიშნულ ფაქტზე დაწერა.
„ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბორჯომის N8 უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას საარჩევნო უბანზე, რაც დარღვევაა. ადგილობრივი დამკვირვებლები, ივანე ზედგინიძე და საბა ღონღაძე, ორგანიზაციიდან „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო სიმბოლიკით გამოცხადდნენ უბანზე. კომისიის თავმჯდომარემ ორივე მათგანს უბანი დაატოვებინა. დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის სიმბოლიკიანი ჟილეტები მათ „ქართული ოცნების“ ოფისში მისცეს“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სულ საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელია რეგისტრირებული. ამასთან, პროცესს მონიტორინგს უწევს 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 ათასი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის, დაახლოებით, 1 100 საერთაშორისო დამკვირვებელი. დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაცია თავს ერთ მედიაცენტრში მოიყრის, სადაც პირველი განცხადება უკვე გაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები