სოციალურად დაუცველ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
ქუთაისში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო პროფილაქტიკური-გამოკვლევები ჩაუტარდათ. პროგრამა აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ “ენმედიცს” შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოკვლევები ქუთაისის მერიის, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის შენობასა და ავანგარდის ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მიმდინარეობდა. მათივე ცნობით, კლინიკა “ენმედიცის” მაღალპროფესიულ ექიმთა ჯგუფი ორი დღის განმავლობაში, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებს სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს უტარებდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს კლინიკის სპეციალისტებმა, კერძოდ, თერაპევტმა, პედიატრმა, კარდიოლოგმა, ნევროლოგმა, გინეკოლოგმა, ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, ბავშვთა ენდოკრინოლოგმა და ოტორინოლარინგოლოგმა.
მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო–პროფილაქტიკური გამოკვლევები თბილისში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს, აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ომში დაღუპულთა დედებსა და ბორჯომში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უკვე ჩაუტარდა. სამედიცინო აქციაში საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებიც ჩაერთვებიან.