გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადება “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს შეეხება, რომელიც სოფელ ქვეშეთში აშენებულ მის სახლს უკავშირდება.
კვირიკაშვილის შეფასებით, საუბარი იმაზე, თითქოს ქვეშეთში სახლი პრემიერმინისტრობის პერიოდში აიშენა, „რეალობის განზრახ დამახინჯებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ ემსახურება.
„მინდა, გამოვეხმაურო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც სოფელ ქვეშეთში წლების წინ აშენებულ ჩემს სახლს ეხებოდა.
მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახლი მდებარეობს, 10 წლის წინ შევიძინე, ხოლო სახლის მშენებლობა 2010 წელს დავასრულე, რაც ასახულია კიდეც თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში, რომელსაც თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ვავსებ – შეგიძლიათ იხილოთ 2013 წლის (ამ დროს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად ახალი დანიშნული გახლდით) ქონების დეკლარაცია, რომელიც საჯაროა, სადაც დაფიქსირებულია 250 კვ.მ. სახლი დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ იმ წლებში, როცა სახლი ავაშენე, საჯარო სამსახურში არ ვმუშაობდი. 2006 წლიდან 2011 წლის ბოლომდე მე ვიყავი ბანკის გენერალური დირექტორი და სიუჟეტში ნაჩვენები სახლი სწორედ ბანკში მუშაობისას მიღებული ანაზღაურებით აშენდა.

სახლის ასაშენებლად ნაწილობრივ სესხითაც ვისარგებლე, რისთვისაც იპოთეკით დატვირთულია თბილისში მდებარე სახლი, რომელშიც ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და რომელიც ასევე შეძენილია 2006 წელს იპოთეკური სესხით. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი დღესაც დატვირთულია იპოთეკით, შესაბამისად, 10 წელზე მეტია, ყოველთვიურად ვიხდი ბანკში არსებულ სესხს.
ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია ჩემს დეკლარაციაში, რომლის ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს სახლი ქვეშეთში პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ავაშენე, გახლავთ რეალობის განზრახ დამახინჯება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – აცხადებს კვირიკაშვილი.
გიორგი კვირიკაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე 2015 წლის დეკემბერში დაასახელა. მანამდე ის „ოცნების“ ხელისუფლების ჯერ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი იყო. მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა. მოგვიანებით კვირიკაშვილმა თქვა, რომ ამ პოსტზე მისი კანდიდატურის წამოყენება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო.
50 წლის გიორგი კვირიკაშვილის კარიერის დიდი ნაწილი საფინანსო და საბანკო სექტორებში საქმიანობას უკავშირდება. 2012 წელს ივანიშვილის კოალიციასთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლამდე ის პოლიტიკაში ერთხელ უკვე იყო. 1999–2004 წლებში პარლამენტში „ახალი მემერჯვენეების“ წევრი გახლდათ და პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2006–2011 წლებში ის ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ ხელმძღვანელობდა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობა 2018 წლის 13 ივნისს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები