“მადლობა სალომე ზურაბიშვილს, „ქართული ოცნების” თითოეულ წევრს, რომ არ წამოეგნენ პროვოკაციაზე და მშვიდ გარემოში ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ”

“ასეთი სამარცხვინო საარჩევნო კამპანია, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა, 2012 წლის შემდეგ არავის გვახსოვს” , – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობისთვის თავისი პროგრამების შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდებინა, საარჩევნო კამპანია სალომე ზურაბიშვილის ლანძღვაში გაატარა.
„ეს იყო პირადი შეურაცხყოფა, დაბრალებები, გინება, საარჩევნო პროცესების ჩაშლის მცდელობა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში დადიოდა. თქვენ გაქვთ ამის ვიდეომასალა. ყველა შეხვედრის დროს, „ნაციონალური მოძრაობის” ზოგი წევრი შევარდნით ცდილობდა, ჩაეშალა შეხვედრა, ზოგი პლაკატებით და შეძახილებით, რომ დაპირისპირება მომხდარიყო წინასაარჩევნო პროცესისას, თუმცა მადლობა სალომე ზურაბიშვილს, „ქართული ოცნების” თითოეულ წევრს, რომ არ წამოეგნენ ამ პროვოკაციაზე და საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ, ყველა კანდიდატს ჰქონდა საშუალება, თავისი ხედვები და პროგრამები წარედგინა მოსახლეობისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში სახელისუფლებო პარტიის მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ, დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ამგვარ შეფასებებს კონკრეტული ფაქტების წარმოდგენა სჭირდება. კახა კალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მწვავედ გააკრიტიკა.
„არ ვიცი, რაზე დაყრდნობით ამბობენ ამას. საჭიროა ფაქტები. მე პირდაპირ ვიტყვი: სამარცხვინო იყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სიჩუმე იმასთან დაკავშირებით, რაც საარჩევნო კამპანიის დროს ხდებოდა, ეს იყო სამარცხვინო. ეს იყო ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია. კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უწყობდნენ სიძულვილის ენას, ხელს უწყობდნენ სხვადასხვა კანდიდატებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. არასამთავრობო სექტორი არის იმისთვის, რომ ის იყოს დამბალანსებელი. თუ ხელისუფლება რაღაც არასწორს აკეთებს, რა თქმა უნდა, უნდა გამოვიდნენ და შენიშვნა მისცენ. იგივე არის ოპოზიციასთან მიმართებითაც. თუ ოპოზიცია არასწორად იქცევა, არასწორ ქმედებებს სჩადის, უნდა გამოვიდნენ და თქვან, მაგრამ მათ არჩიეს სიჩუმე და ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას თავისი რეალური სახე“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები