გოჩა სვანიძე: ბიძინა ივანიშვილის თანადგომა ქართული რაგბის მიმართ მსოფლიოში უპრეცედენტოა
“ბიძინა ივანიშვილის თანადგომა ქართული რაგბის მიმართ მსოფლიოში უპრეცედენტოა”,- ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუონ.
“სიტყვები არ მყოფნის, გულწრფელად ვამბობ, იმიტომ, რომ ასეთი თანადგომა, რაც ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინა ქართული რაგბის მიმართ და შესაბამისად, მისმა ფონდმა “ქართუმ”, ალბათ, უპრეცედენტოა მსოფლიოში და ამიტომაც მოხდა 2015 წელს ამის აღნიშვნა და მსოფლიო რაგბიმ ამ ადამიანს, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, სპეციალური წოდებაც კი მიანიჭა. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, არის ის, რომ ძალიან ფხიზლად და ყურადღებით ვიყოთ, რომ გულშემატკივარს არ ვუღალატოთ და გამარჯვებებით გავახაროთ, ამისთვის კი ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა გოჩა სვანიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსი გადასცა. მხარდაჭერის უპრეცენდენტო პროგრამა ფონდმა ათი წლის წინ დაიწყო და მისმა ჯამურმა წვლილმა ქართული რაგბის განვითარებაში თითქმის 200 მილიონი ლარი შეადგინა. კომპლექსური მიდგომით, ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდმა ერთი მხრივ, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, მეორე მხრივ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარა სარაგბო ინფრასტრუქტურა. წლების განმავლობაში, აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა.