ივანიშვილი “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ორიენტაციაზე – “ყველა ეჭვი აშშ-სგან პირადად ჩემ მიმართ, აბსოლუტურად განულებულია”

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ორიენტაციაზე გაამახვილა ყურადღება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე გამართულ სატელევიზიო ინტერვიუში.
ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფების ოპონენტები, კერძოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს, მიზანმიმართულად არწმუნებდნენ ახალი ხელისუფლების პრორუსულ ორიენტაციაში.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე იხსენებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის რანგში ყოფნისას ერთი წელი უცხოელი პარტნიორების ნდობის მოპოვებაში დასჭირდა. “ერთი წელიწადი ვიყავი დაახლოებით პრემიერი, გახსოვთ, მე ძირითადად, დაკავებული ვიყავი, როგორ დამერწმუნებინა ჩვენი პარტნიორები საზღვარგარეთ, აშშ სტრატეგიული პარტნიორი, ევროპელები, რომ მე არ ვარ ვიღაც ძალა, დესტრუქციული, რომელიც მოვიდოდა იმისთვის, რომ, საქართველო დაანგრიოს და ვიღაცას გადასცეს, რასაც უკიჟინებდნენ “ნაციონალები”.
მათ ჰქონდათ ძალიან კარგი კავშირები, ძალიან მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ ამერიკასთან თუ ევროპასთან. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რაც არ ჩანდა ზემოთ და რასაც ვერ ვიტყვი დღეს მედიაში, როგორ, რა სიღრმეებში იყვნენ ჩართული და როგორი კავშირები ჰქონდათ და როგორი მძიმე იყო ყოფა მაშინ ჩემი, თუ გნებავთ პრემიერის რანგში. ამას მიჰქონდა ძირითადად დრო. ყოველგვარი ეჭვი ევროპიდან და ასევე სტრატეგიული პარტნიორისგან, აშშ-სგან, ჩვენი გუნდის მიმართ, პირადად ჩემ მიმართ, აბსოლუტურად განულებულია. პირიქით, თუ ოდესმე, ვინმეს ჰქონია ურთიერთობა და იმას, რასაც მე ვიხსენებ ჩვენს პარტნიორებთან, დღეს გვაქვს საუკეთესო ურთიერთობა აშშ-სთან. ერთი ეჭვი არ არის “ქართულ ოცნებასთან. ჩემგან პირველი წელი, 90% ენერგია ამ მიმართულებით მიდიოდა. დღეს, მე ჩემს გამოცდილებას აღარ დავხარჯავ ამ მიმართულებით, ისევე როგორც გუნდი და მთლიანად მოვახმარ მენეჯმენტს, რომ ვერტიკალი იყოს მკაცრი, სახელმწიფო იგრძნობოდეს კარგად”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო, 2013 წლის 25 თებერვალს კი, საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა. აღნიშნული გეგმა შეიცავდა მოთხოვნებს, რომლებიც ქართულ მხარეს უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის უნდა შეესრულებინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება. 2017 წლის 2 თებერვალს საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები