ივანიშვილი: თუ მარიხუანას კულტივაციაზე საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ იქნება, არ მივიღებთ

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მარიხუანას კულტივაციის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” არანაირ კანონპროექტს არ მიიღებს, თუ ის საზოგადოებასთან შეთანხმებული და მხარდაჭერილი არ იქნება.
“რა თქმა უნდა, ვიზიარებ საპატრიარქოს შეშფოთებას და დღესაც გავიმეორებ. არცერთ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” არანაირ კანონპროექტს არ მიიღებს, თუ საზოგადოების მხრიდან აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერა არ იქნება. მილიარდი მოგება არა, მილიარდი ექსპორტი. ვინც ეკონომიკა იცის, ჩვენ რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტი მილიარდი ევროს ან დოლარის გავყიდოთ, პრინციპულად იცვლება ჩვენი ეკონომიკის ყველა მაჩვენებელი. ჩვენ ვხდებით სხვა ტიპის ქვეყანა, გვექნება სხვანაირი რეიტინგი, ეს არის ძალიან დიდი ხიბლი, მაგრამ ხიბლს ქვეყანა და საზოგადოება არ უნდა გადავაყოლოთ. რატომ მაინც და მაინც მარიხუნაა?! იმიტომ, რომ ბაზარი და მოთხოვნილება არის. კომპანიები პირდაპირ მოდიან და პირდაპირ ამბობენ. ბაზარი არ არის იოლი თემა. ეს ხიბლი ამას ახლავს, თანაც ჩვენ ნარკოტიკების წარმოებაზე არ გვქონია საუბარი, ამას ჩვენი ოპონენტები ამახინჯებენ. საუბარია სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებაზე. ამ დროს რჩება კითხვა, მარიხუანა რომ დათესე და წარმოებამდე მიიტანე, იქ შევლენ ახალგაზრდები, დაკრეფენ და ნარკოტიკებად გამოიყენებენ. მოკლედ, გასარკვევია, სიღრმეებში ნუ წავალთ. ერთ-ერთი მეუფეს, რომელიც მაკრიტიკებდა ამ საკითხზე, ვუთხარი, მამაო რა უბედურება გვჭირს, თუ მარტო ჩვენ ვერ მოვახერხებთ ამას, მსოფლიოს ამდენი ქვეყანა ახერხებს, მაგრამ საკითხი შევაჩერეთ. არცერთ შემთხვევაში არ მიიღებს კანოპროექტს პარლამენტი, თუ არ იქნება საზოგადოების აბსოლუტური მხარდაჭერა. მაგრამ ის, რომ სიღარიბე გვაქვს, ის რომ ეკონომიკია ისეთია, როგორიც არის, ნებისმიერ ბიძგს ვეძებ, გარედან როგორმე. შიგნით როგორც არ უნდა დავალაგოთ კანონმდებლობა და ამ მხრივ ბიზნესის განვითარებისთვის იდეალურია, როგორც არ უნდა მოვიხარშოთ, ძალიან რთულია თუ დამატებითი ბიძგი არ მივეცით, რომ სწრაფად განვვითარდეთ. ერთ-ერთ ბიძგად ეს მიმაჩნდა, მაგრამ თუ მიუღებელია, არ გაკეთდება”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში ივანიშვილი “ტვ პირველის”, “იმედისა” და „რუსთავი2″-ის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები