„ელექტროსიგარეტი ისეთივე საზიანოა, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი“ – „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ახალი ინიციატივის წინააღმდეგ

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, ელექტროსიგარეტზე შეზღუდვების მოხსნა დაუშვებელია. ამის შესახებ გიორგი ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბახტურიძე „საქართველოს ბიზნესის ასოციაციის“ ინიციატივას გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, „საქართველოს ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენლები“ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში იმ ჩანაწერის შეცვლას ითხოვენ, რომლითაც კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები და რეგულაციები თამბაქოს არაწვად ნაწარმზეც ვრცელდება, მათ შორისაა ელექტრონული სიგარეტი და ახალი თამბაქოს ნაწარმი.
„ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა თემა. უკვე ვისაც არ ეზარება, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში კი თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები, თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის პროცესებში არიან ჩართულები, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციას თამბაქოს კონტროლის შესახებ. არის ასეთი მუხლი, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს ქვეყნებს, რომ თამბაქოს ინდუსტრია არ უნდა მონაწილეობდეს თამბაქოს კონტროლის საკითხების მომზადებაში, მიღებისა და დანერგვის პროცესში. ჩვენი კანონიც ამბობს, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესები არ უნდა იყოს საჯარო პოლიტიკაში გამოყენებული. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ბიზნესასოციაციის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული წინადადება დარეგისტრირდა კიდეც საკანონმდებლო ინიციატივად, რაც ნონსენსია, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებსა და კონვენციას. ვამბობთ, რომ სამართლებრივად ეს პროცედურა არ უნდა გაგრძელდეს.
„ფილიპ მორისი“ საკმაოდ მძლავრად, მთელი მსფოლიოს მასშტაბით, პოპულარიზაციას უკეთებს თავის ახალ ნაწარმს ელექტრონული სიგარეტის თვალსაზრისით, რომელიც არის ჰიბრიდული. ეს, ჩვეულებრივად, თამბაქოს პროდუქტია და ისინი ამბობენ, რომ არა წვით, არამედ გახურებით ხდება ამ პროდუქტის მოხმარება, რაც თითქოს ნაკლებ საზიანოა. ეს არ არის სწორი და რატომ – „ფილიპ მორისმა“ თავისი სამეცნიერო ჯგუფების საშუალებით, რომელსაც თავად აფინანსებდა, შეადგინა რაღაც დოკუმენტი, რომელიც წარუდგინა ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს. ამ სააგენტომ უარყოფითი დასკვნა გასცა ამის თაობაზე. იმიტომ, რომ ელექტრონულ სიგარეტებს, რომელსაც ისინი უწოდებენ გახურებად თამბაქოს პროდუქტებს, იგივე ზიანი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორიც ჩვეულებრივ თამბაქოს პროდუქტს. ის ჩვეულებრივი თამბაქოს პროუდქტია და მასში ყველა ის ქიმიური ნივთირებაა, რაც ჩვეულებრივ თამბაქოს კვამლშია. ამიტომ, უნდა რეგულირდებოდეს, მინიმუმ თამბაქოს რეგულაციების დონეზე“,- განაცხდა ბახტურიძემ.
მისივე თქმით, მოსაზრება, რომ ელექტროსიგარეტი ნაკლებად მავნეა, არ დასტურდება.
„ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მავნებელიცაა.
მათ რა უნდათ: იცით, რომ თამბაქოს პროდუქტების გარე ხილვადობა აკრძალულია და ვიტრინებზე ვეღარ ნახავთ, სავაჭრო ობიექტებშიც ბევრ შემთხვევაში თაროები დახურულია. მათ უნდათ, რომ ელექტრონული სიგარეტები იყოს თვალხილული.
მეორე საკითხი არის შეფუთვა – მარკირება და სამედიცინო გაფრთხილებების დატანა, რომ მათზე არ გავრცელდეს ის ნორმები, რაც თამბაქოს ყუთებზეა“,- განაცხადა ბახტურიძემ.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“, ასევე, ეწინააღმდეგება სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მოთხოვნას – მოწევის დაშვებას იმ შენობებში, სადაც სათამაშო ბიზნესია განთავსებული.
ალიანსმა რამდნიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კატეგორიულად ემიჯნებიან პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილების ზოგიერთ პუნქტს, რომელთა მიხედვითაც, თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებები იგეგმება.
“ცვლილებების პროექტის ინიციატორები და მათი მხარდამჭერები ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ კაზინოებში მოწევის დაშვებამ არათანაბარ, კონკურენტულ პირობებში ჩააყენა სათამაშო ბიზნესის სხვა მიმართულებები, რამაც თურმე მათი კლიენტურის სამორინეებში გადინება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ კანონი ძალაშიც კი არ იყო შესული, როდესაც სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ამ პრეტენზიით პარლამენტს მიმართა. დიახ, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ პარლამენტს პირველ მაისამდე, კანონის აღსრულების დაწყებამდე შესჩივლა, კაზინოები კლიენტურას გვართმევენო. იმ დროისთვის შეუძლებელია კონკურენციის ნორმა დარღვეულიყო და ამის გამო კლიენტურას, თუნდაც სლოტკლუბიდან სამორინისკენ, კაზინოებისკენ აეღო გეზი. მეტიც, არ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა შესაბამისად დადასტურდება, რომ კანონის აღსრულების შემდეგ დაირღვა კონკურენციის ნორმები. არ არსებობს არანაირი დაკვირვება, სტატისტიკა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამორინეები, კაზინოები განლაგებულია მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, თუნდაც სათამაშო აპარატების სალონები კი, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი და გამორიცხულია, მოთამაშეები, იმის გამო, რომ ერთდროულად ეთამაშათ და მოეწიათ კიდეც, ბათუმის და თბილისის სამორინეებში წასულიყვნენ, რადგან კაზინოებში მოწევა დაშვებულია.
როდესაც სათამაშო ბიზნესის პრეტენზიები გახმოვანდა, ჩვენმა ორგანიზაციამ პარლამენტს მიმართა, აეკრძალათ მოწევა კაზინოებშიც, რითაც, ვითომდა, არაჯანსაღი კონკურენციის პრობლემაც გაქრებოდა და კაზინოებში მომსახურე პერსონალის სასიცოცხლო და კონსტიტუციით მიკუთვნებულ უფლებას დავიცავდით. სამწუხაროდ, პარლამენტმა გაუგებარი მიზეზების გამო ჩვენი ინიციატივა არ დააკმაყოფილა”, – ნათქვამია განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები