ბიძინა ივანიშვილი: ზაზა ოქუაშვილი ცდილობს, ხელისუფლება დააშანტაჟოს, რაც გარწმუნებთ რომ არ გაუვა
“ზაზა ოქუაშვილი ცდილობს რომ ხელისუფლება დააშანტაჟოს, რაც გარწმუნებთ რომ არ გაუვა, ყველა გადაიხდის იმას, რაც კანონით ეკუთვნის”,- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.
ყოფილმა პრემიერმინისტრმა ტელეკომპანია “იბერიას” გარშემო განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო უწოდა და აღნიშნა რომ ეს მოვლენები ქვეყანას როგორც შიგნიდან, ისე გარედან, აზარალებს.
“ბიზნესმენი ცდილობს რომ ხელისუფლება დააშანტაჟოს, რაც გარწმუნებთ რომ არ გაუვა, ყველა გადაიხდის იმას რაც კანონით ეკუთვნის. 11-ჯერ გაუგრძელეს და გაუკეთეს რესტრუქტურიზაცია, როდესაც რესტრუქტურიზაცია კეთდება, აუცილებელია, რომ ვისაც აქვს დავალიანება, პროცესი დაძრას და დაიწყოს გადახდის პროცესი. მან ხვალ რომ დაიწყოს გადახდა, ხვალვე გაუგრძელებს ხელისუფლება და ითანამშრომლებს მასთან. გარწმუნებთ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, რომ ბიზნესმენმა რაღაც ჩანაწერების გავრცელება იკადრა. მე ჟურნალისტების ადგილზე პირიქით დავსვამდი კითხვას, როგორ მოახერხა ამ კომპანიამ ამდენი ხნის განმავლობაში მზარდი ვალების მიუხედავად თემების დალაგება ხელისუფლებასთან, როგორ მოახერხა ეს”,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ბიზნესმენ ზაზ ოქუაშვილს, სხვა ბიზნესებიც აქვს და ღარიბი ადამიანი არ არის.
“მას კიდევ აქვს ბიზნესი სამშენებლო თუ მანქანების ბიზნესი. მე როგორც ვიცი ეს კაცი არ არის ღარიბი კაცი, კეთილი ინებოს და გადაიხადოს. ეს ფული არ არის ჩემი ფული. პენსიონერებს პენსია სჭირდებათ, ჯარს ხელფასი და ა.შ. – ბიუჯეტს ფული სჭირდება”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.