ლაშა დარსალიამ თურქმენეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა – საქართველო ყოველთვის იყო და იქნება თურქმენეთის საიმედო მეგობარი
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ თურქმენეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
თურქმენეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე დარსალიამ მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და თურქმენ ხალხს სადღესასწაულო თარიღი მიულოცა.
მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
„საქართველო ყოველთვის იყო და იქნება თურქმენეთის საიმედო მეგობარი, ისევე როგორც ჩვენ არ დაგვავიწყდება თურქმენეთის ღირებული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის განვითარების რთულ და მნიშვნელოვან ეტაპებზე. საქართველოს და თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშროლობა ვითარდება ყველა მიმართულებით – იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ტურისტების ნაკადი, სატრანსპორტო გადაზიდვების მოცულობა, ასევე მჭიდროა პოლიტიკური თანამშრომლობა.” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ლაშა დარსალიამ ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე , მათ შორის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართულებით.
საზეიმო მიღება, საქართველოში თურქმენეთის საელჩოს ორგანიზებით, თბილისის საკრებულოში გაიმართა.