მამუკა არეშიძე: თუ სააკაშვილ-ალასანიას საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა, ეს იქნება სერიოზული სკანდალი
ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდება, საქმე სერიოზულ სკანდალთან გვექნება.
როგორც არეშიძემ “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, მას წარმოდგენილი დიალოგიდან რამდენიმე ეპიზოდი განსაკუთრებულად საყურადღებო ეჩვენა. მათ შორის ის, სადაც კონკრეტული პიროვნების – ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის სურვილზეა საუბარი.
მამუკა არეშიძე თვლის, რომ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.
“რასაკვირველია, დასადგენია ამ ჩანაწერის ავთენტურობა, იმ შემთხვევაში თუ რეალურად ამ პიროვნებების საუბარია, ეს ნიშნავს ძალიან სერიოზულ სკანდალს, აქედან გამომდინარე, ძალიან სერიოზული დასკვნები უნდა იქნას გაკეთებული. რამდენიმე მესიჯია ამ დიალოგში, მაგრამ ჩემთვის მთავარია ერთი ის, რომ ასე აუგად არის მოხსენიებული საკუთარი ხალხი, რომლის იმედიც აქვს არჩევნების დროს სააკაშვილს, მართალია მას არ უთქვამს ამის შესახებ, მაგრამ ამ შემთხვევაში იდენტურია და მეორე ის, რომ დიალოგში მითითებულია კონკრეტული პირის ლიკვიდაციის სურვილზე. იქ არის კიდევ რამდენიმე ნიუანსი, თუმცა ეს ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ ავთენტურობის დადგენის პარალელურად აუცილებლად უნდა მოხდეს ძიების დაწყება, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. უნდა ჩატარდეს გამოძიება. კიდევ ერთი რამე მაინტერესებს ძალიან – იქ გვარამიასთან დაკავშირებით კითხვა რომ ისმის, მერე არის ალასანიას შემდეგი პასუხი – “უსმენს ამათ, მაგრამ არაფერს ამათ მიხედვით არ აკეთებს”. ეს -“ამათ” ვინ არიან მაინტერესებს. როგორც ჩანს სხვებიც არსებობენ რომლებიც ამ სიტუაციას მართავენ. ვიცი ახლა, რომ ვიღაცები ატეხენ ამბავს, რომ ამ ჩანაწერით ხელისუფლება სხვა ჩანაწერების გადაფარვას ცდილობს. რა გამოდის, რომ მათთვის საინტერესო ჩანაწერები რეალისტურია, მათ წინააღმდეგ ჩანაწერები აუცილებლად შეთითხნილი?! პრინციპში, თვითონ დანერგეს ჩანაწერების სტილი ამ საუკუნის დასაწყისიდან და ახლა გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ სხვადასხვა მხრიდან წარმოდგენილ ახალ-ახალ ჩანაწერებს”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ცნობისთვის, უკრაინულ საიტზე zdes.com.ua-ზე სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში, საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე.