დავით სერგეენკო გრიპის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ამისთვის ოქტომბერი ყველაზე კარგი პერიოდია.
„2013 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისმა შემოიღო გრიპზე ცნობიერების ამაღლების კვირეული და ამ კვირაში სწორედ ეს კვირეულია. საუბარია სეზონურ გრიპზე, რომელიც ყოველ წელს მეორდება და არა გრიპის ეპიდემიებზე, ეს ცალკე თემაა, რომელიც საბედნიეროდ არ გვემუქრება. სეზონურ გრიპთან მიმართებით, საზოგადოებას, კიდევ ერთხელ, უნდა ავუხსნათ, რომელმა რისკჯგუფებმა უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია და ზოგადად, როგორ შეიძლება ამ დაავადებისგან თავის დაცვა ან დაავადების შემთხვევაში, სწორი დაცვა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მედიკოსების განცხადებით, გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჭიროა ყოველწლიურად. გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (ყოველი წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირამდე – დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით აღწევს) დგება, შესაბამისად ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.
ვაქცინა უფასოა ხანდაზმულებისთვის, ორსულებისთვის, 18-წლამდე დიაბეტით დაავადებულებისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალისთვის. ასევე დიალიზზე მყოფი პირებისთვის, „ცე“ ჰეპატიტით დაავადებულებისა და აივ-ინფიცირებულებისთვის. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც რისკჯგუფში არ შედიან, მინისტრის თქმით, მათთვის გამოცხადდება ერთი დღე, როდესაც ვაქცინა მათთვისაც უფასო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები