რომან კაკულია: ვისაც უნდა, მომავალში მოსახლეობასთან ურთიერთობა გააგრძელოს, თვითწმენდის პროცესი უნდა გაიაროს

“ვისაც უნდა, რომ მომავალში მოსახლეობასთან ურთიერთობა გააგრძელოს, თვითწმენდის პროცესი ყველამ უნდა გაიაროს”, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ გააკეთა.
ამასთან, რომან კაკულია ჟურნალისტებთან საუბრისას ფარული ჩანაწერების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სერიალები უნდა დასრულდეს.
„კვანძის გახსნა არჩევნებამდე მოხდება. დაველოდებოდი და ვნახავდი, რა სურათი დადგება. დავინახავთ, რა რას ემსახურებოდა. მომავლის პერსპექტივა მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს აქვთ, ვინც საკუთარ თავში თვითწმენდის რესურს იპოვის. ეს ეკუთვნის ყველას, ვისაც უნდა, რომ მომავალში მოსახლეობასთან ურთიერთობა გააგრძელოს. თვითწმენდის პროცესი ყველამ უნდა გაიაროს. ცნობილი რელიგიური შეგონების შესრულების მომენტი ახლა დგება – თუ სხეულის ერთი ნაწილი გაცდუნებს, სჯობს, მოიკვეთო სანამ დაავადება მთელ სხეულზე გადავა. ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პრეტენზია აქვს აქტიური პოლიტიკური ცხოვრება ჰქონდეს და საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობდეს, პირთა წმენდა უნდა გააკეთოს და იმ სახეების, პოლიტიკოსების თუ მასთან ასოცირებული ადამიანების მიმართ ძალიან კრიტიკული იყოს, რომლებიც საზოგადოებაში მის სახეს ქმნიან”, – აღნიშნა დეპუტატმა.
კითხვაზე, ურჩევს თუ არა თვითწმენდის პროცესს „ქართულ ოცნებას“, კაკულიამ განაცხადა, რომ გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან ამ ადამიანებს შვილები და ახლობლები ჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები