მცხეთაში მსხალდიდის წმინდა გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მსხალდიდში XIX საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 19 სექტემბრის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ნაგებია აგურის სწორხაზოვანი წყობით. ადგილ-ადგილ იკითხება ქვიშაქვის ცოკოლი. აღმოსავლეთიდან აქვს ნახევარწრიული შვერილი აფსიდი. შესასვლელი კარი გაჭრილია დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სამხრეთის კარის გადახურვა როგორც გარედან, ასევე შიგნიდან ბრტყელი თაღის ფორმისაა და აგურითაა გადაყვანილი. დასავლეთი კარი კი ორივე მხრიდან ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. დიდი ზომის, პარალელურგვერდებიანი თაღოვანი სარკმლები განთავსებულია: ორი ჩრდილოეთით, ერთი სამხრეთით და ორი აღმოსავლეთით.
ტაძარს დასავლეთიდან მიშენებული აქვს გეგმით სწორკუთხა კარიბჭე, მისი დასავლეთი კარი ორივე მხრიდან თაღოვანია. ჩრდილოეთითა და სამხრეთით გაჭრილი აქვს თითო თაღოვანი სარკმელი. კარიბჭის დასავლეთით, კარის მარცხნივ კვადრატული ფორმის სახატე ნიშაა. ეკლესიას მთლიანად შემოუყვება “ხერხულა” კარნიზი. გადახურულია კრამიტით. ნახევარწრიულ აფსიდს შეისრულთაღოვანი კონქი აქვს, საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილში გაჭრილია სწორკუთხა ნიში. თითო თაღოვანი ნიშია აფსიდის მხრებშიც. დარბაზის გრძივი კედლები გაყოფილია მასიური პილასტრით, რომელსაც შეისრული საბჯენი თაღი ეყრდნობა.
ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები