ლადო კოტეტიშვილის წიგნის – „კეთროვანთა ზღაპრების“ წარდგენა გაიმართება
22 ოქტომბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში, ლადო კოტეტიშვილის წიგნის „კეთროვანთა ზღაპრების“ წარდგენა გაიმართება.
ზაალ ჩხეიძე: „ლადო კოტეტიშვილი (1895-1940) – მეოცე საუკუნის უცნობი სული ქართული ლიტერატურისა. სულ 15 წელიწადში თავსდება ლადო კოტეტიშვილის პროზა.
ოდესმე, როდესაც ლადო კოტეტიშვილზე მონოგრაფიები დაიწერება და აუცილებლად დაიწერება, ლიტერატურის ისტორიკოსები იტყვიან, რომ იგი, განსაკუთრებით თავის მოთხრობებში, მიაგავს მიხეილ ჯავახიშვილს და უეჭველად განიცდის მის ზეგავლენას, როგორც მწერალი. ხოლო ენის თვალსაზრისით, უფრო ახლოს კონსტანტინე გამსახურდიასთან და, ალბათ, გრიგოლ რობაქიძესთან დგას. დიახ, ასეთია ლადო კოტეტიშვილი, დაკარგული ქართველი მოდერნისტი. დავიწყებული ქართველი მოდერნისტი. მწერალი, რომლის სახელის გარეშეც ამიერიდან ვეღარასდროს ვეღარ დაიწერება ვერც ერთი წიგნი ქართულ მოდერნიზმზე, ქართველი სიმბოლისტი პროზაიკოსი. სწორედაც რომ ის არის მეოცე საუკუნის უცნობი სული ქართული ლიტერატურისა, ბედის უკუღმართობით თავისი სამზეოდან ამოგლეჯილი და ბედისსავე წყალობით, აგერ საჩვენოდ, მომავალში გადმოსროლილი“.