„საქართველო და იტალია – მეგობრობის ისტორია“ : საარქივო დოკუმენტებისა და ფოტოების გამოფენა გაიხსნება
19 ოქტომბერს, 18:30 სააათზე, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, საქართველოსა და იტალიის ურთიერთობების შესახებ საარქივო დოკუმენტებისა და ფოტოების გამოფენა – „საქართველო და იტალია – მეგობრობის ისტორია“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობის ამსახველ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ორი ქვეყნის მეგობრობის დამადასტურებელი დოკუმენტები, წერილები და ფოტომასალა, XVII საუკუნიდან დღემდე. მათ შორისაა: იტალიაში, რომის არმიის არქივში დაცული კავკასიის რუკა (1919 წელი); ქრისტოფოტო კასტელის ჩანახატები და ხელნაწერები (1626 წელი); იტალიელ მხატვარ კორადინის ესკიზები პირველი ქართული თეატრალური სპექტაკლისათვის „გაყრა“; იტალიელი მომღერლების საქართველოში მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები (1870-იანი წლები); მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიაში მცხოვრები ქართველი პარტიზანების ფოტოები; საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ორი ქვეყნის ურთიერთობების ამსახველი მასალა და სხვ.
გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში და იტალიის კვლევების საბჭო (CNR). გამოფენის კურატორია იტალიის კვლევების საბჭოს წარმომადგენელი მასიმო კულტრარო.
ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გამოფენა 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.